სითი მოლი: დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯს კომპანია სრულად დააფინანსებს
მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას 1 იანვრიდან, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი ამბობს, სექტორი მთავრობისგან ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან ეს საკითხი თავიდანვე იყო მთავრობისგან გაჟღერებული.
„როდესაც რეგულაციები წესდებოდა და ჩვენ ვალდებულებას ვიღებდით თანამშრომლების გატესტვაზე, მაშინ სახელმწიფომ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდით ამ ხარჯს თავად დააფინანსებდა, შემდეგ კი კერძო სექტორს მოგვიწევდა ვალდებულების აღება. მაშინ ხელისუფლებამ ამაზე სექტორისგან თანხმობა მიიღო. სიმართლე გითხრათ, ამას უფრო ადრეც ველოდი,“ - აცხადებს მესხელი.
„სითი მოლის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დასაქმებულების სავალდებულო ტესტირების ხარჯს კომპანია სრულად დააფინანსებს. რაც შეეხება იმას, თუ დაახლოებით რა ოდენობის ხარჯის გაწევა მოუწევს კომპანიას იმისთვის, რომ დასაქმებულები გატესტოს, მესხელი ამას ვერ აკონკრეტებს, თუმცა, განმარტავს, რომ მოცულობა მცირე არ იქნება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „სითი მოლის“ თანამშრომლების დაახლოებით 40-45% ვაქცინირებულია.
შეგახსენებთ, COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილების შეტანამდე და მოქმედი წესით, სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირების შემთხვევაში: 30 და მეტი მომუშავე ადამიანის შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ-მეთოდით.
რაც შეეხება ბაზრებსა და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირებს – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტება 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.
შრომის ინსპექციაში jandacva.ge-ს განუმარტეს, რომ ვალდებულება შესაბამისი პერიოდითა და გასატესტი ადამიანების პროცენტული წილით ძალაში რჩება, თუმცა ეს წილი დაიანგარიშება აუცრელი თანამშრომლების რაოდენობიდან.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებულთა ბაზები, რომლის საშუალებითაც მარტივად კონტროლდება ტესტირების მაჩვენებელი ამა თუ იმ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს – დასაქმებული თუ მოლების ადმინისტრაცია – ეს თავად ბიზნეს-სუბიექტების გადასაწყვეტია.