ბიზნესი
24/07/2021

"სისაური გრაინდერსი" წლის ბოლომდე 4 ახალ ბრენდულ მაღაზიას გახსნის

ყავის მაღაზიათა ქსელი "სისაური გრაინდერსი" 2021 წლის ბოლომდე 4 ახალ ბრენდულ მაღაზიას გახსნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თემურ სისაური „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მათ შორის, ერთი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გაიხსნება.

კომპანია ერთი მაღაზიის გახსნაში დაახლოებით 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ამჟამად კომპანიას საქართველოს მასშტაბით 7 ბრენდული მაღაზია აქვს. ორს აგვისტო-სექტემბერში გახსნის, დანარჩენ ორს - წლის ბოლომდე.

„რაც შეეხება სახეობებს, დაახლოებით 50 სახეობის ჩაი გვაქვს, ყავა – უამრავი, 28 ქვეყნიდან. მხოლოდ ეთიოპიიდან 5-6 სახეობის ყავა ჩამოგვაქვს და ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. ძირითადი ქვეყნები, საიდანაც ყავის მარცვალი შემოგვაქვს, არის ბრაზილია, კოლუმბია, ინდონეზია, ეთიოპია, კენია, კოსტა-რიკა და ა.შ. ვთანამშრომლობთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ყავას გვაწვდის,“ - აცხადებს თემურ სისაური.

ბიზნესმენი პანდემიის  პირობებში რეალიზაციის მაჩვენებელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიამ ისევე როგორც სხვა დანარჩენ ბიზნესებზე, „სისაური გრაინდერსზეც“ მოახდინა ნეგატიური გავლენა.

მისი ინფორმაციით, ლოკდაუნების დროს ლოგიკურად შემცირდა გაყიდვები, შემდეგ იყო შეზღუდული სააათებით მუშაობა, ყველაფერი კი შედარებით შემცირებულ მაჩვენებლებში გამოისახა. თემურ სისაურის ინფორმაციით, ახლა გაყიდვები გააქტიურებულია და პანდემიამდელ მაჩვენებელს უახლოვდება.