ფოტო: entrepreneur.com
ბიზნესი
31/01/2022

"სინერჯი კაპიტალი" რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა

კომპანია „სინერჯი კაპიტალი“ რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა, - განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიის დირექტორის პაპუნა ტოლიაშვილის განცხადების საფუძველზე მიიღო, პროცესის დაწყება უკვე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრშიც.

2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიას 15 მლნ-მდე ლარის ვალდებულება აქვს, აქტივების საბალანსო ღირებულება კი 12.6 მლნ ლარია.

კომპანია რეაბილიტაციის გადასვლის აუცილებლობა განაპირობა 2020 წლის 22 ივლისს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის ამოქმედებამ, რომლის საფუძველზე სს „სინერჯი კაპიტალს“ შეეზღუდა არაგათვითცნობიერებულ ინვესტორებზე მუშაობა და საჯარო შეთავაზებების გაკეთება, რის გამოც შემცირდა ინვესტორთა წრე. კომპანიას ასევე, შეეზღუდა აქციების ემისია, რამაც კიდევ უფრო გაართულა თანხების მობილიზაცია.

"გაუთვითცნობიერებელ ინვესტორებზე მუშაობისთვის საჭიროა ავტორიზაციის მოპოვება, რაც ურთულესი პროცედურაა და საჭიროებს მოცულობით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო, პორტფელურ კომპანიებს შეექმნათ სირთულეები, ნაწილმა საერთოდ შეაჩერა საქმიანობა. 2021 წლის აგვისტოში კი საგადასახადო გირავნობით დაიტვირთა სს „სინერჯი კაპიტალის“ ყველა აქტივი", - ნათქვამია სასამართლოსთვის კომპანიის დირექტორის მიმართვაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველად დარჩება კომპანიის დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი, რეაბილიტაციის ზედამხედველად კი დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – გიორგი ხუნდაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებები.

კომპანიას პროცესის განმავლობაში აღარ დაერიცხება ჯარიმა-საურავები, ასევე ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დავალიანების უზრუნველყოფა; არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება; ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში და სხვა.

სს „სინერჯი კაპიტალი“ 2018 წელს შპს „სინერჯი ჯგუფმა“ დააფუძნა. მისი მიზანი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიების მოძიება და წილის შესყიდვა იყო, მეორე მხრივ, კომპანია მოიზიდავდა ინვესტორებს – ფიზიკური პირებს, რომელთაც მინიმალური თანხებით – 3000 დოლარიდან შეეძლიათ წილების შეძენა, გრძელვადიანი მოგების მიღების მიზნით. ამის პარალელურად, კომპანია ახდენდა აქციების ემისიას, ყოველთვიური ფიქსირებული დივიდენდით, რაც გამოიყენებოდა კომპანიების დამატებითი წილების ყიდვისა და მათთვის სესხების გაცემის, ასევე სს „სინერჯი კაპიტალის“ საოპერაციო ხარჯების დაფინანსებისათვის.