"სილქნეტმა" ერთ-ერთ MVNO ოპერატორს ხელშეკრულება გაუფორმა
საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ ერთ-ერთ ვირტუალურ ოპერატორს ხელშეკრულება უკვე გაუფორმა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „სილქნეტის“ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა განუცხადა.
ილია ენუქაშვილი აღნიშნავს, რომ დადებულია ხელშეკრულება კომერციულ საწყისებზე, თუმცა კომპანიის ვინაობა მან ამ ეტაპზე კონფიდენციალურად დატოვა.
„ვირტუალური ოპერატორები მსოფლიოში გვხვდება, მაგრამ რაც არ გვხვდება ევროპაში ეს არის მათი წინასწარი რეგულაცია. ეს ხისტი ჩარევაა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ქსელურ და ვირტუალურ ოპერატორთა შორის კომერციულ ურთიერთობაში. ამაზეც იყო კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და საბოლოო ჯამში, კონსტრუქციულიც. „სილქნეტმა“ უკვე ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს კომერციულ საწყისებზე. დოკუმენტაცია მიწოდებულია მარეგულირებლისთვის. გავდივართ პროცესს და იქნება მოსამზადებელი ეტაპებიც“, - განაცხადა ილია ენუქაშვილმა.
კომუნიკაციების კომისიამ ვირტუალურ ოპერატორებთან (MVNO) დაკავშირებით გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები (მაგთი, სილქნეტი და ვიონი-საქართველო) დაავალდებულა, კონკრეტული პირობებით მისცენ წვდომა ინფრასტრუქტურაზე ვირტუალური მობილური ოპერატორობის მსურველ კომპანიებს.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მსხვილ მობილურ ოპერატორებს 1 წლით გადაუვადდათ ვადა MVNO ოპერატორებისთვის ოფერების შესათავაზებლად.
ცნობისთვის, MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.
ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების, „მაგთიკომი“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას.
მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს.
2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.