სილქნეტი: საქართველო მიმზიდველია ინვესტორებისთვის, ქართული კომპანიები ვარსკვლავები არიან
არსებული მყიფე ვითარების და რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე კომპანია „სილქნეტი“ 300 მლნ დოლარის ევრობონდების განთავსებას დიდ წარმატებას უწოდებს.
"სილქნეტში" ამბობენ, რომ კაპიტალის ბაზარზე კომპანია სექტემბერში რომ გასულიყო, საპროცენტო განაკვეთიც არა 8.375%, არამედ გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
„როდესაც დავიწყეთ მუშაობა ევროობლიგაციების რეფინანსირებაზე რამდენიმე თვის წინ სხვა ბაზარს ვუყურებდით. მაშინ საპროცენტო განაკვეთები ზოგადად უფრო დაბალი იყო, ხოლო რეგიონში არასტაბილურობის განცდაც გაცილებით ნაკლებად იყო. პროცესის განმავლობაში ორივე მიმართულება ჩვენ წინააღმდეგ წავიდა. შესაბამისად, ალბათ უფრო მეტის გადახდა მოგვიწია ვიდრე ამას დაახლოებით სექტემბერში რომ გამოგვეშვა მაშინ მივიღებდით“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ „სილქნეტის“ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა და აღნიშნა, რომ ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან კარგი გზავნილი, რომ ამ რთულ ვითარებაში კომპანიას ენდნენ და ინვესტიცია განახორციელეს „სილქნეტში“.
მისი თქმით, საქართველო ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის და მათ სურთ მეტი ქართული კომპანია გავიდეს ბაზარზე.
მიმზიდველობის მთავარ მიზეზად კი დასახელდა: მომუშავე ინსტიტუციები, გასაგები თამაშის წესები, კარგი კომუნიკაცია ინვესტორებთან, კარგი კორპორაციული მმართველობა და პასუხისმგებიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა.
„ქართული კომპანიები ვარსკვლავები არიან. შესაძლოა არ არიან ისეთი დიდი ზომის, როგორც უკრაინული ან ყაზახური, მაგრამ ხარისხით უფრო მაღლა დგანან. რაც შეეხება „სილქნეტს“ ეს შედეგი იმ ინვესტიციების, რომელიც განვახორციელეთ ინფრასტრუქტურაში, ეს არის მაღალი ხარისხის ქსელი, ახალი ტენოლოგიები, რომელსაც ვგეგმავთ, მაღალი ხარისხის მომსახურება, გამჭვირვალობა, შედეგები და ინვესტორებთან კომუნიკაცია", - აღნიშნა ილია ენუქაშვილმა.
გასულ კვირაში კომპანია „სილქნეტმა“ ევრობონდებით 300 მლნ დოლარის მოზიდვაზე განაცხადა. “სილქნეტის” ახალ, 5 წლიან ობლიგაციებში ინვესტირება ამერიკისა და ევროპის საინვესტიციო კომპანიებმა განახორციელეს.
ობლიგაციები პირველად შევიდა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში.