ბიზნესი
23/02/2023

შპს "საირმე მინერალ ვოთერსში" წარმოების პროცესი არ შეჩერებულა და თანამშრომელთა ნაწილი აგრძელებს მუშაობას

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, ქარხანა არ გაჩერებულა და  წარმოების პროცესი გრძელდება. 

„ქარხანა არ გაჩერებულა, საწარმოო პროცესი  გრძელდება. თანამშრომლები ორ ცვლაში მუშაობენ. თუმცა, პრობლემაა გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. თუმცა გაფიცულების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გაფიცულების, განსაკუთრებით კი,  ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი არ არის რაიმე რეალური შედეგის მიღება,“ - აღნიშნავს  შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.

მნიშვნელოვანია, რომ გაფიცულთა მხრიდან საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს კომპანიის ადმინისტრაციამ ისინი ახალი და გამოუცდელი კადრებით ჩანაცვლა.

„ ეს კიდევ ერთი სიცრუის აჟიტირებაა მათი მხრიდან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ  წარმოებას გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით. ამასთან,  ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ თანამშრომელი გაგვეთავისუფლებინა სამსახურიდან,“ - განმარტავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე.  

 კომპანია განაგრძობს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მცდელობებს გაფიცულებთან. ამავდროულად გამოთქვამენ მზაობას ნებისმიერი დიალოგისთვის.

„ჩვენ მზად ვართ, შედეგზე ორიენტირებული საუბრისთვის გაფიცულებთან, რა თქმა უნდა,   გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად,“ -  მიაჩნიათ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც,  პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.