"შოკოტელამ" სასტუმრო Pullman-თან თანამშრომლობა დაიწყო
კომპანიამ „შოკოტელა“ თანამშრომლობა სასტუმრო Pullman-თან დაიწყო, რომლის გახსნა უახლოეს მამავალში Axis Towers-ში იგეგმება.
„შოკოტელას“ დამფუნებელი მარიამ კაპანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე Pullman-ი „შოკოტელას“ შეხვედრებისთვის სასაჩუქრე ნაკრებებს უკვეთავს. სასტუმროს გახსნის შემდეგ რა თანამშრომლობა გაგრძელდება, ამის შესახებ კაპანაძე ვერ საუბრობს.
მისი განცხადებით, „შოკოტელას“ პირველი მაღაზია ვაკეში, მრგვალ ბაღთან მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიხსნა და დღემდე საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს. კაპანაძის განცხადებით, გამართლდა ის მოლოდინები, რაც გახსნამდე არსებობდა. „შოკოტელას“ შოკოლადი საკმაოდ მოთხოვნადია საშუალო ასაკის ადამიანებში, დიდია ინტერესი სასაჩქრე ნაკრებებზე.
ამჟამად “შოკოტელა“ მომხმარებელს 9 განსხვავებული შიგთავსის, სასურველი ფორმისა და მოხატულობის ბონბონსა და დესერტებს სთავაზობს, ვიზუალური ეფექტისთვის საკვებ ცხიმში ხსნადი საკონდიტრო საღებავებით შეღებილი კაკაოს კარაქია გამოყენებული.
მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ალკოჰოლური სასმელის გამოყენებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა.
სამომავლოდ შესაძლოა ექსპორტის მიმართულების გააქტიურება. მისივე განცხადებით, სამომავლოდ დაგეგმილია ისეთი პროდუქტების წარმოებაც, რომელიც სუპერმაკეტებში გაიყიდება.
კაპანაძე აცხადებს, რომ „შოკოტელას“ ხელაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ბელგიური შოკოლადი.
"შოკოტელას” დამფუძნებელი მარიამ კაპანაძე "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოში“ მონაწილეა.
რაც შეეხება Pullman-ს , ის Accor Group-ში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ACcor Group-ი კი 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც 4 500 სასტუმროთი და 20-მდე ბრენდით მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Accor Group-ი აერთიანებს მაღალი და პრემიუმ კლასის ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა Pullman-ი,Raffles-ი, Fairmont-ი, Sofitel-ი, Novotel-ი. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.