ბიზნესი
09/12/2021

"შოკოტელა" წლის ბოლომდე ვაკეში ბრენდულ მაღაზიას გახსნის

კომპანია „შოკოტელა“ წლის ბოლომდე ვაკეში, მრგვალ ბაღან ბრენდულ მაღაზიას გახსნის. კომპანიის დამფუნებელი მარიამ კაპანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ეს იქნება ღია საწარმოო სივრცე, თავისი გამჭვირვალე წარმოებით, გაყიდვის წერტილით და კაფეტერიით.

მისი განცხადებით, განიხილება როგორც HoReCa სექტორთან თანამშრომლობა, ისე ბრენდებთან კოლაბორაცია.

მომავალი წლისთვის შესაძლოა ექსპორტის მიმართულების გააქტიურება. კაპანაძის განცხადებით, ამ დროისთვის ინტერესია კანადიდან, თუმცა, მინიმუმ 6 თვე კომპანია „შოკოტელა“ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

ამჟამად “შოკოტელა“ მომხმარებელს 9 განსხვავებული შიგთავსის, სასურველი ფორმისა და მოხატულობის ბონბონსა და დესერტებს სთავაზობს, ვიზუალური ეფექტისთვის საკვებ ცხიმში ხსნადი საკონდიტრო საღებავებით შეღებილი კაკაოს კარაქია გამოყენებული.

„დავიწყებთ სამი სახის შეფუთვით, 3 ცალიანი, 9 ცალიანი (39 ლარი) და 16 ცალიანი (59 ლარი). უახლოეს მომავალში არსებულ პროდუქციას დაემატება ახალი სახეობებიც. მათ შორის, ცხელი შოკოლადი.

ჩემი მიზანია, საქართველოში განსხვავებული შოკოლადის კულტურა დავნერგო, მინდა ჩემი პროდუქტი დახვეწილ გემოსთან და ხარისხთან ასოცირდებოდეს,“ - აცხადებს კაპანაძე.

მისივე განცხადებით, სამომავლოდ დაგეგმილია ისეთი პროდუქტების წარმოებაც, რომელიც სუპერმაკეტებში გაიყიდება.

კაპანაძე აცხადებს, რომ „შოკოტელას“ ხელაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ბელგიური შოკოლადი.

"შოკოტელას” დამფუძნებელი მარიამ კაპანაძე "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ  "შარქ თენქ საქართველოში“  მონაწილეა.