ბიზნესი
14/11/2022

შოკოლადი თუ შოკოლადის მსგავსი - ბიზნესი ახალი რეგულაციის მოლოდინში

შოკოლადის ბიზნესი ახალი რეგულაციის მოლოდინშია. მალე, მომხმარებელს პროდუქტზე სრული ინფორმაცია ექნება და ის თავად გადაწყვეტს, შოკოლადს შეიძენს, თუ მასთან მიმსგავსებულ პროდუქტს.

ქართველი მწარმოებლების მოთხოვნის საფუძველზე, რეგლამენტი შემუშავდა, რომლის მიხედვითაც, როგორც მწარმოებლებს, ისე იმპორტიორებს მოეთხოვებათ, ზუსტად განმარტონ პროდუქციის შემადგენლობა. შედეგად, შოკოლადის მიმსგავსებულ პროდუქტს, შოკოლადი აღარ ეწერება. რას ფიქრობენ რეგლამენტის ავტორები და  შოკოლადის ქართველი მწარმოებლები ახალ რეგულაციაზე - ამ საკითხზე „ბიზნესპარტნიორი“ როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ისე სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს ესაუბრა.

„მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში, ეს არის ამ რეგლამენტის ძირითადი მიზანი და ის, რომ არანამდვილ შოკოლადს, ანუ შოკოლადის მსგავსს არ ეწეროს შოკოლადი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მწარმოებლების ინტერესებში იჯდა. რაც შეეხება იმპორტიორებს, რომელთაც შემოაქვთ არანამდვილი შოკოლადი და მათ სურთ დააწერონ შოკოლადი, ეს რა თქმა უნდა, სწორი არ არის“, - უყვება „ბიზნესპარტნიორს“ თენგიზ კალანდაძე, სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი. ის ამბობს, რომ ახალი რეგლამენტი მწარმოებლებს ხარჯებს არ გაუზრდის, შესაბამისად, არც შოკოლადის გაძვირების საფუძველი იარსებებს.

ამავე მოსაზრებას იზიარებენ ადგილობრივი მწარმოებლებიც და განმარტავენ, რომ რეგლამეტის ამოქმედების შემდეგ, ისინი საფასო პოლიტიკის გადახედვას არ ვარაუდობენ. მწარმოებლები იმასაც ამბობენ, რომ ახალი რეგლამენტი შოკოლადის ბაზარზე კონკურენციას გააჯანსაღებს, ფასებს დაარეგულირებს, მომხმარებელს კი ცოდნას აუმაღლებს და არჩევანის თავისუფლებას მისცემს.

„მოხდება ფასის რეგულირება ნამდვილი შოკოლადის და ასევე ნაწარმის, რომელიც არის შოკოლადის მსგავსი. შესაბამისად, მომხმარებელსაც ნაკლები კითხვა ექნება, რატომ აქვს ამ პროდუქტს ეს ფასი, ამ პროდუქტს ეს ფასი,“ - ამბობს მარიამ კაპანაძე, „შოკოტელას“ დამფუძნებელი.

ბარამბოს ხარისხის მართვის დეპარტამენტის მენეჯერი ივერი რუაძე კი ამბობს, რომ ახალი რეგლამენტი მომხმარებელს გაზრდის და მას უკვე ეცოდინება, როგორ განასხვავოს ნამდვილი შოკოლადი მისი შემცვლელისგან.

შეგახსენებთ, მომავალი წლიდან, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანი შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

Businesspartner