ბიზნესი
29/10/2020

შევცვალეთ ბიზნესის განვითარების გეგმა, გაყიდვის არხები დღევანდელ საჭიროებებს მოვარგეთ – CHRONOS

სამკაულების მწარმოებელი კომპანია CHRONOS–ის პოპულარობა ქართველ მომხმარებელში იზრდება, რაც მეტ-ნაკლებად უცხოელი ტურისტებისგან მიღებულ დანაკლისს ავსებს.

CHRONOS–ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი მაკა შავგულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში მეტწილად ყველაფერი გაჩერდა, გარკვეული პერიოდით შეჩერდა სამკაულის წარმოებაც, რადგან თითოეული ნივთი ხელით მზადდება და ხელოსნებს არ ქონდათ მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა ამ გამომწვევებმა ონლაინ გაყიდვების არხების განვითარებას შეუწყო ხელი.

„მეტად გავაქტიურდით ონლაინ სივრცეში და განვახორციელეთ მიზნობრივი მარკეტინგული კამპანია მეტი ქართველი მომხმარებლის მოსაზიდად. გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები მომხმარებლებისთვის. ძირითადი გაყიდვების არხი ფეისბუქი, ინსტაგრამი და ეტსია, რომლებსაც ჩვენი სეგმენტი აქტიურად მოიხმარს. ვგეგმავთ, ონლაინ მაღაზიების ქსელის გაფართოებას. მალე მომხმარებელს ახალ, საინტერესო და შთამბეჭდავ სამკაულის კოლექციას წარვუდგენთ,“ – აღნიშნავს მაკა შავგულიძე.

CHRONOS–ი მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპირაციით შექმნილ სამკაულების ხაზს სთავაზობს, რომელიც როგორც კომპანიაში ამბობენ, ქართველი ხალხის მიერ სილამაზის აღქმას გადმოსცემს და ქართველი ქალის გემოვნების განვითარების ეტაპებს ასახავს.

თითოეული ნივთი სხვადასხვა ეპოქის კულტურის სახეს გამოხატავს და უნიკალურია თავისი ისტორიით, რაც ტურისტების დაინტერესებას იწვევს.

„ჩვენი ძირითადი მომხმარებელი უცხოელი ტურისტები არიან, ვისაც საქართველოში სტუმრობისას სურს შეიძინოს ღირებული, სამახსოვრო ქართული ნივთი. ამჟამად, აღნიშნულ სეგმენტში გაყიდვები ბუნებრივია შემცირებულია. თუმცა უცხოელები მაინც აგრძელებენ „ქრონოსის“ შესყიდვას, რადგან ჩვენ საერთაშორისო მიწოდებას ვახორციელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მიწოდების ხანგრძლივობა და ხარჯი გაიზარდა. მეორე მხრივ, ჩვენი პროდუქცია უფრო პოპულარული გახდა ქართველი მომხმარებლებისათვის, განსაკუთრებით „ლოქდაუნის“ პერიოდში და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, ვახერხებთ გაყიდვების სასურველი ნიშნული შევინარჩუნოთ. ფასები საშუალო და მაღალი სეგმენტისთვისაა, რაც სამკაულის მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, შესრულების ხარისხისა და მასალის დამუშავებიდან გამომდინარეობს", – ამბობს CHRONOS-ის დამფუძნებელი.

 

Businesspartner