შეტევა თხევადი გაზის ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე
შეტევა თხევადი გაზის (LPG) ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე, - LPG საწვავის იმპორტიორები საკუთარი უფლებების დარღვევაზე ჩივიან და ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დირექტივას არღვევს აქციზის დაბეგვრის თაობაზე.
თხევადი გაზის ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია, მაშინ როცა ევროკავშირის დირექტივით, თხევად გაზზე აქციზის გადასახადი 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს.
"2020 წლამდე, თხევადი გაზის დაბეგვრა 2-ეტაპად ხორციელდებოდა. იმპორტის გადასახადი 120 ლარი იყო. საავტომობილო საწვავად გამოყენების შემთხვევაში აქციზის ოდენობა 180 ლარს შეადგენდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი კომერციული, ან საყოფაცხოვრებო მიზნით მოახდენდა პროდუქტის რეალიზაციას, აქციზის გადასახადისგან თავისუფლდებოდა. 2020 წლის აგვისტოში კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, 2-ეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა, ერთეტაპიან გახდა ჯამში 300 ლარის ოდენობით", - თხევადი გაზის ასოციაციაციის თავმჯდომარე "ბიზნესპრტნიორთან“ ამბობს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
"ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, თხევად გაზზე, აქციზის გადასახადი უნდა შეადგენდეს ბენზინზე არსებული გადასახადის 25%-ს. საქართველოს შემთხვევაში კი თითქმის მიახლოებულია. არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული პირების მიერ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება თხევადი გაზის ბიზნესზე, რადგან ეს უკანასკნელი ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის კონკურენტია. აქციზის მატებამ, ბუნებრივია, სარეალიზაციო ფასი გაზარდა. შედეგად, თხევად გაზზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. არადა, მოგეხსენებათ, რომ ეს უკანასკნელი ე.წ. ეკომეგობრული საწვავია. კვლვებით დადგინდა, რომ თხევადი გაზის გამონაბოლქვი 44%-ით ნაკლებია დიზელის და 37 %-ით ნაკლებია ბენზინის გამონაბოლქვთან შედარებით. არადა, სწორედ დღესდღეობით, თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა თითქმის აღარ ხდება და ამის მიზეზი აქციზის გადასახადის მატება და შესაბამისად, პროდუქციის გაძვირებაა. ავტომობილების გადაყვანა თითქმის აღარ ხდება. მხოლოდ 2019 წელს, ქვეყანაში ჯამში, თხევადი გაზის 25 000 ბალონი და სხვა მოწყობილობა შემოვიდა, ბიუჯეტში კი ჯამში 7.5 მლნ ლარი შევიდა. დღეს კი ეს პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია და ამ სფეროში დასაქმებულ 2500 ადამიანს უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრება,“ - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.
თხევადი გაზის ასოციაცია აპირებს, რომ მთავრობას უახლოეს დღეებში მიმართოს აქციზის გადასახადზე გადახედვის თხოვნით. დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობა მათ მოთხოვნას, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.