ბიზნესი
23/12/2022

შესაძლოა, 2023 წელს ქართული ღვინო გაძვირდეს - სექტორი ახალ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე გართულებული გადაზიდვები, ღვინის წარმოებისთვის საჭირო მასალების გაძვირება, კლიმატური პირობების გამო შემცირებული მოსავალი და გამყარებული ლარის კურსიც კი, რომელიც ექსპორტისთვის დამატებით გამოწვევად იქცა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც  ქართული ღვინის მწარმოებლები და ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტო საუბრობს. როგორც სამთავრობო უწყებაში, ისე კერძო სექტორში ამბობენ, რომ რეგიონში არსებულმა ომმა ქართული ღვინის სექტორზე ნეგატური გავლენა იქონია. განსაკუთრებული სირთულით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი გამოირჩეოდა, როდესაც ტრადიციული ბაზრებისკენ ექსპორტი სრულად შეჩერებული იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, წლის მეორე ნახევრაში მდგომარეობა გაუმჯობესდა და ქართული ღვინის ექსპორტმა ზრდა აჩვენა როგორც წინა წელთან შედარებით, ისე პანდემიურ 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, კომპანიებმა ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობა უფრო გააძლიერეს და მათთვის ახალი საექსპორტო ბაზრების კარიც გაიხსნა. 

ზურაბ ჩხაიძე - KTW ჯგუფის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ ასეთი რთული და გამოწვევებით სავსე წელი კომპანიას თავისი 22 წლიანი არსებობის მანძილზე არ ახსოვს. „ეს იყო პანდემია,  შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ჩვენთან პირდაპირ კავშირში იყო, ვინაიდან ჩვენი საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქცია იყიდებოდა უკრაინის და რუსეთი ბაზარზე, სადაც ჩვენ გადატვირთვები შეგვიჩერდა. თუმცა, შემდგომ, ჩვენ ის გეგმები რაც გვქონდა დასახული, განვახორციელეთ და უფრო მაღალი ტემპით შევასრულეთ“, - განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.

კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი კი ამბობს, რომ გამოწვევები რჩება ისევ გაძვირებული ტრანსპორტის, შენელებული ლოგისტიკის, გაძვირებული დამხმარე მასალების, ენერგორესურსების სახით. „გარდა ამისა, ამ გამოწვევებს დაემატა წლევანდელი რთველი.  ჩვენთვის ძალიან ხარისხიანი რთველი იყო, თუმცა, კლიმატური პირობების გამო, დაახლოებით, 2 თვე ზაფხულში სართოდ ნალექი არ იყო, რის გამოც იმაზე ნაკლები მოსავალი მოვიდა, ვიდრე ველოდით. ეს დარგისთვის სპეციფიკური გამოწვევაა“, - დასძინა ზურაბ მარგველაშვილმა. 

ღვინის კომპანიები ახალ საექსპორტო მიმართულებებზეც საუბრობენ. ახალი ზელანდია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი - ზოგიერთი კომპანიის საექპორტო პორტფელში წელს უკვე გაჩნდა ამ და სხვა ახალი გაყიდვების ბაზრების ჩამონათვალი.  ტრადიციული ბაზრების გარდა, გააქტიურდა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი, პოლონეთი კი ეტაპობრივად რაოდენობით და მნიშვნელობით მეორე ბაზარი ხდება ქართული ღვინისთვის. თუმცა, კომპანიები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. ქართული ღვინის მწარმოებლები 2023 წელს სამხრეთ კორეასა და სხვა აზიურ ქვეყნებში შესვლაზეც აქტიურად მუშაობენ. გარდა ამისა, გეგმავენ წარმადობის გაზრდას და საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც. ისინი იმ ცვლილებებზეც საუბრობენ, რაც შესაძლოა ღვინის წარმოების კუთხით მსოფლიოს ბაზრებზე დაფიქსირდეს. მათ შორის, განიხილება ღვინოზე საერთაშორისო ფასების ზრდაც.

ნუცა აბრამიშვილი - Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ 2023 წლიდან მის კომპანიას ახალი ბაზრები დაემატება, სადაც ღვინის ექსპორტი განხორციელდება.  „ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვნახეთ პანდემია როგორც ეკონომიკური გამოწვევა,  გავაქტიურდით სხვა ბაზრებზე, დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები და იქ სხვადასხვა მეთოდით გვიწევს ქართული ღვინის ხარისხის, ჩვენი ისტორიის დამტკიცება და ქართული ღვინის წარმოჩენა, როგორც უკონკურენტო პროდუქტის“, - უყვება აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორს“. Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი აქვე პროგნოზირებს, რომ არ არის გამორიცხული, მომავალი წლიდან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინო გაძვირდეს.

ფასების ზრდის შესაძლებლობაზე საუბრობს „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილიც და ამბობს, რომ ზოგადად, მსოფლიოში ბოლო პერიოდში, ღვინო ძვირდება და ეს გაძვირება უკვე 10 პროცენტის ფარგლებშია. მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2023 წელს ფასების კიდევ უფრო მეტი მატება დაფიქსირდეს. ვინაიდან, შესაძლოა, ისევ გაძვირდეს ენერგორესურსები და დამხმარე მასალები, რომელთა გარეშეც, ღვინის წარმოება არ ხდება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში, ანუ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე თითქმის 232 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გავიდა, შედეგად, ჯამურად, ღვინის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში თითქმის 8%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.  აღსანიშნავია, რომ ტოპ-10 საექსპორტო პროდუქტს შორის ღვინო მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. 

Businesspartner