ბიზნესი
07/03/2022

"შარმ-ტრეიდინგი" უკრაინულ პროდუქციას თურქულით ჩაანაცვლებს

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ-ტრეიდინგის“ ხელმძღვანელი ვახტანგ საძაგლიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო „შარმ-ტრეიდინგის“ მიერ იმპორტირებულ  პროდუქციაზე  დეფიციტი არ შეიქმნება, არ უნდა ველოდოთ  ფასის ზრდასაც. 

მისი განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, რაიმე შეფერხების შემთხვევაში კომპანია რუსული პროდუქციის ჩანაცვლებას სხვა ქვეყნის პროდუქციით შეძლებს. მანამდე კი „შარმ-ტრეიდინგი“ რუსეთიდან პროდუქციის იმპორტს აგრძელებს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ტრანსნაციონალურ კომპანიებთან, რომლებსაც წარმომადგენლობები აქვთ როგორც რუსეთში, ისე თურქეთში, გაერთიანებულ საემიროებში და ასე შემდეგ. შეიძლება შეიცვალოს მოწოდების ადგილი, სხვა არაფერი. უკრაინიდან იმპორტი საკმაოდ მცირე რაოდენობით ხდებოდა. ეს იყო ჩვენი ბრუნვის დაახლოებით 1%-ი. უკრაინიდან შემოგვქონდა სახლის მოვლის საშუალებები. ამის ჩანაცვლებაზე უკვე ვმუშაობთ. ამ დროისთვის მოლაპარაკებები გვაქვს თურქეთთან,“ - აცხდებს საძაგლიშვილი.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ უკრაინიდან იმპორტიც ჩანაცვლდება სხვა ქვეყნიდან იმპორტით, გაიზრდება თუ არა ლოგისტიკური ხარჯი, რაც ავტომატურად გაზრდის თვითღირებულებას და გაძვირდება თუ არა პროდუქციის გასაყიდი ფასი, საძაგლიშვილი განმარტავს, რომ სატრანსპორტო ხარჯის მნიშვნელოვან ზრდას კომპანია არ ელოდება, შესაბამისად, არ განიხილება ფასის ზრდა. 

როგორც ცნობილია, კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M და სხვა.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის  ომის მეთერთმეტე დღეა. შედეგად, რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში საგრძნობლად დაეცა. რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.