შაქრის გაძვირებამ კასპის საკონსერვო ქარხნის საინვესტიციო გეგმები, შესაძლოა, შეაფერხოს
კასპის საკონსერვო ქარხანა შაქარზე გაზრდილ ფასს წარმოებისთვის ხელშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს. როგორც ცნობილია, ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამი შაქრის გასაყიდი ფასი 5 ლარამდეა. 1 ტომარა შაქრის ფასი კი გაორმაგდა და მისი ღირებულება 140-150 ლარს შეადგენს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, კომპანია ზაფხულიდან წარმადობის გაზრდას გეგმავს, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად დასტაბილურდება შაქრის ფასი, რომელსაც თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უჭირავს.
მეწარმე აცხადებს, რომ შაქრის ფასი თუ არ დასტაბილურდა, კომპანიას მოუწევს ფასების ზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს რეალიზაციის კლებას და საინვესტიციო პროექტების დაპაუზებას. მათ შორისაა არსებული სიმძლავრეების გასამმაგება.
მისი განცხადებით, შაქრის ფასის დასტაბილურების შემთხვევაში გაიზრდება როგორც ქარხნის წარმამდობა, ისე მუშა-ხელის რაოდენობაც. ამჟამად კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული და ზაფხულიდან მათი რაოდენობა 80-მდე გაიზრდება.
მერებაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ექსპორტის მიმართულებაზეც გარკვეული გავლენა მოახდინა, თუმცა, მნიშვნელოვანი არა.
„უკრაინის ბაზარზე ოპერირებას ახლა ვიწყებდით, თებერვლის ბოლოს უნდა გაგვეგზავნა პროდუქცია, თუმცა ომის გამო ვერ მოვასწარით. თუ არ დამშვიდდა სიტუაცია, უკრაინის წილს სხვა ქვეყნებზე გადავანაწილებთ,“ - აცხადებს მერებაშვილი.
შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე შიდა ქართლიდან.
კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს.
დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა, უკრაინა და ისრაელი.