ბიზნესი
25/05/2022

სენაკში წარმოებული ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები ბაზარზე ოქტომბრიდან გაიყიდება

სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა  ოქტომბერში ამოქმედდება.

როგორც ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნელ ქეჩის“ (ნადი გრუპის დაფუძნებული კომპანია) თანადამფუძნებელმა  მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის კი მანქანა-დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, ახალი ქარხნის წლიური წარმადობა წელიწადში 1000 ტონა იქნება, საწყის ეტაპზე კი კომპანია წელიწადში 400 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს.

მისი ინფორმაცით, ქარხნის ამოქმედების შემდეგ დაგეგმილია ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების წარმოება, რომელიც გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საფრანგეთსა და ესპანეთში. დაგეგმილია, ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებაც. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. 

„სნელ ქეჩი“ სენაკში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციოელებს. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას.

კომპანიის საკუთრებაშია  ხობში 6 ჰექატრზე,ხოლო სენაკში 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 4.5  ევროა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

2020 წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.