Schuchmann Group: ადგილობრივ დამსვენებლებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც გვიბრუნდებიან
Schuchmann Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, „ბიზნესპარტნიორთან“ ტურისტულ სეზონსა და მოლოდინებზე საუბრობს.
ნუცა აბრამიშვილის თმით, ქვეყნის ჩაკეტვამ ადგილობრივი ტურისტების აქტივობა გამოიწვია, რაც ნიშნავს, რომ ქართველებმა დაიწყეს საქართველოს კურორტების შეყვარება, გაცნობა და დათვალიერება.
„პანდემიის პერიოდში კახეთმა ყველაზე კარგად შეინარჩუნა ვიზიტორები. ნელ–ნელა გამოჩნდნენ უცხოელი სტუმრებიც, ძირითადად იმ ქვეყნებიდან, სადაც იმუნიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისრაელიდან, დასავლეთ ევროპიდან, ნაკლებად არიან აზიიდან და ამერიკიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი დამსვენებლების პარალელურად უცხოელი ტურისტებიც ბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ უცხოელ ვიზიტორებში ძირითადად ბიზნეს მოგზაურები არიან,“ – ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
მისივე თქმით, რადგან პანდემიის პერიოდში შატოს ძირითადად ადგილობრივი ტურისტები სტუმრობდნენ, ამიტომ ფასები დაკორექტირდა და შეთავაზებები გადაიხედა.
„დამსვენებლებს დამატებითი ბენეფიტები შევთავაზეთ. შეიქმნა სპეციალური პაკეტები, რომლის ფარგლებში სტუმრებს ღვინოსთან ერთად სარელაქსაციო მიმართულება, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასები შევთავაზეთ. აღსანიშნავია, რომ ღვინის SPA არის ჩვენი ექსკლუზიური მიმართულება, სადაც თერაპიებისთვის უშუალოდ ჩვენი ღვინის კოსმეტიკური ხაზის ნაწარმი გამოიყენება. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ვიყენებთ ჩვენი ვენახებიდან მიღებული ყურძნის წიპწის ზეთს. პროდუქტები მხოლოდ Schuchmann Wines–ს ეკუთვნის და მათი რეალიზაცია არ ხდება.
შესაბამისად, საკმაოდ დატვირთულ პროგრამას ძალიან კარგ ფასად ვთავაზობთ დამსვენებლებს და ამ ეტაპზეც აქციის სახით მოქმედებს ეს შეთავაზება. როგორც წესი, ძირითადად სულ უცხოელები გვსტუმრობდნენ, მაგრამ ახლა ქართველებშიც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA. დიდი იმედი მაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და თანხების აკუმულირება საქართველოშივე მოხდება,“ – აღნიშნავს Schuchmann Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
Schuchmann Wines–ი წელიწადში 1.5 მლნ ბოთლს აწარმოებს, რომლის 95% გადის 25 ქვეყნის ბაზარზე, დანარჩენი 5% კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ნუცა აბრამიშვილის თქმით, პანდემიის მიუხედავად წარმოებაში მკვეთრი შემცირება არ ყოფილა, რადგან ღვინის ექსპორტი გეგმის მიხედვით მიდის. კომპანია ახალ ბაზრებზე არ გასულა და ორიენტირებულია არსებული ბაზრების შენარჩუნებაზე. ასევე, ღვინის ფასი არც ადგილობრივ ბაზარზე და არც ექსპორტზე შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ Schuchmann Wines Chateau არის დიდი კომპლექსი სოფელ კისისხევში. სადაც გაერთიანებულია, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაცია სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.