საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საზღვაო გადაზიდვების სექტორში წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ორი მიმართულებით - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.
სააგენტომ მოკვლევა - ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე, ,,ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს ,,ჯნს ჯორჯია“ როგორც ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი - დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა. დავის საკითხი ასევე შეეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა. მოკვლევის შედეგების მიხედვით, არც ერთი მუხლით არ დადასტურდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 4 საქმეს სწავლობს - ფარმაციის, სწრაფი კვების, თამბაქოს და ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის ბაზრების მიმართულებით. 2023 წელს უწყებამ 3 მოკვლევა დაასრულა, სადაც ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა, ხოლო ერთ შემთხვევაში დადასტურდა შეთანხმებული ქმედება. ამავე პერიოდში, სააგენტომ 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.