ბიზნესი
24/11/2021

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია: ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემთხვევაში ხელზე გამაზვები დაიწყება

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას “ბიზნესპარტნიორთან“ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილმა აფასებს.

მისი განმარტებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიისთვის მოულოდნელი იყო, რადგან საქართველოში ერთ წელზე მეტია შემოსულია ახალი რეგულატორი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სფეროს საკმაოდ კარგად აკონტროლებს.

„სათამაშო ბიზნესში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. გამკაცრდა მოთამაშეების რეგისტრაცია/ვერიფიკაცია, რაც სრულიად გამორიცხავს არასრუწლოვნების ჩართულობას აღნიშნულ თამაშებში, ასევე, არარეგალური თანხების ტრიალს. სფერო დღეს საკმაოდ კარგადაა დარეგულირებული,“ - აცხადებს მამულაიშვილი.

მისი განცხადებით, სათამაშო ბიზნესი მზადაა მიიღოს ყველა გონივრული რეგულაცია, რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას. როგორც მამულაიშვილი აღნიშნავს, მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალვას დადებითი ეფექტი არ მოაქვს. იგი მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს.

„სამწუხაროდ ჩვენ დღეს ჯერჯერობით არ ვიცნობთ დეტალურ პროექტს. იმედი გვაქვს, მთავრობა მიიღებს გადაწყევტილებას და პროცესში ჩვენც ჩაგვრთავს. სწორედ ეს მოგვცემს საშუალებას გავაკეთოთ უფრო დეტალური და კვალიფიციური ანალიზი.

ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციებთან, ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას,“ - აცხადებს მამულაიშვილი.

კითხვაზე, აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით განხორციელება რა შედეგს გამოიწვევს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვეავში დაზარალდება როგორც ინდუსტრია, ისე ზოგადად ქვეყანა. საკმაოდ ბევრი ადამიანი დარცება უმუშევარი, ქვეყნიდან გავა ინვესტიციები და რა თქმა უნდა, ახლის შემოსვლას ხელი შეეშლება.

„ჩვენ დავბრუნდებით 90-იან წლებში, დაიწყება ხელზე გამაზვები, იქნება სრულიად უკონტროლო სიტუაცია, თუნდაც უცხოური საიტების მიმართ, სადაც თავისუფლად შეეძლება ადამიანს, დარეგისტრირდეს და ითამაშოს. როდესაც ქართულ ბაზარზე აღარ იქნება კომპანია, რომლის ლეგალურად ფუნქციონირებს, მოთამაშეს ექნება სურვილი გადაერთოს სხვა ბაზარზე. საუბარი იმაზე, რომ დაბლოკავენ, 21-ე საუკუნეში, სადაც განვითარებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტა, ელექტრონული საფულეები და ასე ემდეგ, ეს მე შეუძლებლად და ნონსენსად მიმაჩნია. მაშინ უნდა დავემსგავსოთ აზიის ქვეყანას,“ - აცხადებს მამულაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო რეჟიმის შეცვლას გეგმავს. საქმე ეხება განსაკუთრებით ონლიან კაზინოებს. პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ ამ ტიპის კაზინოებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, ბარიერი გაიზრდება 25 წლამდე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომავალში ონლაინ კაზინოები ქვეყანაში საერთოდ აიკრძალება, მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი ინიციატივა კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორად განმარტეს. „ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში. მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა," - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ წაგებული თანხა 1.5 მლრდ ლარია, აქედან დიდი ნაწილი 99% გაჭირვებული მოსახლეობაა.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს. მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება.