სასტუმრო "მუზა" თუ კომერციული ფართი ოფისებისთვის - პაპაშვილი გადაწყვეტილებას 2 თვეში მიიღებს
ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი დაახლოებით 2 თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას, ფილარმონიასთან, ყოფილი სასტუმრო „მუზა" ტურიზმის მიმართულებით იმუშავებს თუ უძრავი ქონების.
როგორც პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ დროისთვის ობიექტის სარეკონსტურქციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საინჟინრო სამუშაოები დასრულებულია.
„შევხედავთ სიტუაციას, რეგიონში ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, ტურიზმის მიმართულებით მუშაობა აზრს მოკლებული იქნა და ფართს ოფისებად გავაქირავებთ. მოქნილია და მისი ასეთი ფორმით ამუშავება არ იქნება პრობლემა. ვგეგმავთ სხვადასხვა კომპანიაზე იჯარით გაცემას. მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან და თუ ობიექტის ნაწილი გაქირავდა, მას უკვე ოფისად დავტოვებთ,“ - აცხადებს პაპაშვილი.
როგორც ცნობილია, სასტუმრო „მუზას“ გახსნის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. ბოლოს, სასტუმროს გახსნა 2022 წლის შემოდგომაზე იყო დაანონსებული.
ობიექტი, კოსტავას ქუჩაზე (#27), ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც 4-ვარსკვლავიანი, 23 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო შენდება.
რეკონტრუქცია-მშენებლობასა და მოპირკეთებაზე დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.