ბიზნესი
11/12/2020

სასტუმრო Chubu: თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ბანკებთან სერიოზული პრობლემა შეგვექმნება

მესტიაში მდებარე სასტუმრო Chubu–ს აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ უდესიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა ბანკებთან სერიოზული პრობლემა შეიქმნება.

„ბანკებმა სესხები 1 წლით გადაგვივადეს, სვანეთში უმრავლესობას ბიზნესისთვის კრედიტი აქვს აღებული, შემოსავლის გარეშე ვერაფერს ვიზამთ. ზარალი დიდია. სასტუმროების მფლობელებს  შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროში, განვიხილეთ ყველა საკითხი. საბაგირო დაკეტეს, ვითხოვდით სასტუმროების დატოვებას, მაგრამ მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა ამ კომპრიმისზე წასვლა. ვითვალისწინებთ ამას.

ზამთრის სეზონზე სვანეთს ბევრი დამსვენებელი ჰყავს.  თანამშრომლებს ხელფასს ვერ ვუხდით, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვიურად 300 ლარით ეხმარება მათ, რაც ძალიან დიდი შეღავათია. ჩვენთვის პროფესიონალი კადრების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. შიდა ტურიზმის იმედი გვქონდა, ფასებიც ცოტა დავწიეთ. ალბათ ბაკურიანში და გუდაურში კიდევ უფრო რთული მდგომარეობა აქვთ სასტუმროებს. იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად იქნება და თებერვლიდან მაინც შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას.“– აღნიშნავს მალხაზ უდესიანი.

სასტურო Chubu მესტიაში, ცენტრიდან 300 მეტრში მდებარეობს. 30 ნომრიანი სასტუმრო დამსვენებელს ქართული სამზარეულოს გარდა,ცხენით, ველოსიპედით გასეირნებას, თხილამურებით სრიალს და სხვა აქტივობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

 

Businesspartner