ბიზნესი
22/03/2022

სასმელი "კაი": რუსეთის ბაზართან თანამშრომლობა მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული

რუსეთ-უკრაინის ომმა პირველ ქართულ ბოტანიკურ სასმელის „კაი“  საექსპორტო ბაზრებზე განვითარების გეგმები მეტ-ნაკლებად შეაფერხა. 

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქცენტი ევროპის ბაზარზე აქვს, წელს დაგეგმილი იყო პროდუქციის რუსეთსა და ბელორუსში გატანა.

განიხილავს თუ არა კომპანია რუსეთის ბაზარს ერთ-ერთ პარტნიორად, ჯირკვალიძე აცხადებს, რომ ეს მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.  

„ჩვენი მხრიდან შეფერხება არ ყოფილა, სადისტრიბუციო კომპანიამ დროებით თქვა უარი ახალი პროდუქტის დამატებაზე. რაც შეეხება პოლიტიკას, გავიტანთ თუ არა პროდუქციას რუსეთში, ამაზე პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს,“ - აცხადებს კირკვალიძე.  

ამ დროისთვის ბოტანიკური სასმელი ექსპორტზე პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გადის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებითაც, რომელიც დიდი ალბათობით რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გამაგრილებელი სასმელი ქართველი  მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგან არის დამზადებული. გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოება პანდემიის პერიოდში, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

კომპანიას საწყის ეტაპზე დაგეგმილი ჰქონდა ბაზარზე 2%-იანი წილის დაკავება, თუმცა, ახლა წლის ბოლომდე გათვლა 8%-მდეა.

პროექტის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“ ბრენდის მთავარი დევიზია და ეტაპობრივად ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. ამჟამად „კაის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება.