სასამართლო დავის გამო კომპანია "მარტვილის წყალი" აუქციონზე გაიყიდა
სასამართლო დავის გამო კომპანია “მარტვილის წყალი" აუქციონზე გაიყიდა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაჭყებია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სენაკის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ქონება აღსრულების ბიუროს გადაეცა, ივნისში კი გაიყიდა.
კომპანიამ წარმოება 2016 წელს შეაჩერა, მიზეზი სენაკის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც შპს „მარტვილის წყალს" ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღდა.
ლაშა ნაჭყეპიას ინფორმაციით, შპს-ს 50%-ს საქართველოს საპატრიარქო ფლობდა, 25%-ს - ავთანდილ ჯანაშია, დანარჩენი 25%-ის მფლობელი კი დავით ბუაძე იყო, რომელიც თავის მხრივ მომჩივან მხარეს წარმოადგენდა და რომელმაც საბოლოოდ კომპანია იყიდა.
ნაჭყებიას თქმით, დავის საგანს წარმოადგენდა 610 000 დოლარი, რომლის ანაზღაურებასაც ბუაძე კომპანიისგან ითხოვდა.
„სასამართლომ გაამართლა ბუაძე და ჩვენ, ანუ კომპანიას დააკისრა დასახელებული თანხის გადახდა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს-მ ვერ შეძლო თანხის გადახდა, ქონება აღსრულების ბიურომ აუქციონზე გაყიდა. ამით მოხდა, კრედიტორებისთვის პასუხის გაცემა. კომპანიის ქონება ერთ-ერთმა მომჩვანმა დავით ბუაძემ იყიდა, რომელმაც ახლა შპს-ს სახელი შეუცვალა,“ - აცხადებს ნაჭყეპია.
მისი ინფორმაციით, ამჟამად ქარხანა გაჩერებულია და არ მუშაობს.
საქართველოს წყლის ბაზარზე შპს „მარტვილის წყალი" 2010 წელს შეიქმნა, თუმცა პროდუქციის წარმოება 2015 წლის ბოლოდან სატესტო რეჟიმში დაიწყო, ამავე წლის მაისიდან წარმოება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროდუქცია იყიდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ექსპორტის მიმართულებითაც.
ქარხანა მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა 300 მეტრის ჭაბურღილია, რომელიც 1971 წელსაა გაკეთებული, თუმცა წყლის მარაგი და ხარისხი უცვლელია. სასმელი წყალი „მარტვილი" ანტიალერგიული თვისებებით ხასიათდება.