"სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტმა" სამაცივრე მეურნეობა გახსნა
„სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტმა“ სართიჭალაში თანამედროვე სამცივრე მეურნეობა გახსნა.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიცირია. საწარმოში 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500 000 ლარი გრანტია, შეღავათიანი აგროკრედიტი - 3 მლნ ლარი.
სამაცივრო მეურნეობაში ერთდროულად, 1 000 ტონა პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი.
შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს. აგროჰოლდინგში შემავალი კომპანიები 60 ადამიანს ასაქმებს.
მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უკვე მრავალი წელია ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გასაძლიერებლად მხარდამჭერ სახელმწიფო პროექტებს ახორციელებს.
"სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი" პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს, რაც მიათითებს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვის და შესაბამისად, ქართული პროდუქციისთვის ხდება ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი, 41 მლნ ლარს აღემატება.