ბიზნესი
27/08/2021

"სარაჯიშვილმა" პანდემიური წელი ₾8.7 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „სარაჯიშვილმა“ პანდემიური წელი 8.7 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, კოვიდ პანდემიამ ის მაინც მნიშვნელოვნად დააზარალა. წმინდა მოგება, 2019 წელთან შედარებით 31.5%-ით არის შემცირებული.

კომპანიის ანგარიშის მიხედვით, „სარაჯიშვილს“ წლიურად შემოსავლები 19%-ით შეუმცირდა და 35.7 მლნ ლარი შეადგინა.

რაც ძირითადად COVID-19 პანდემიას უკავშირდება, თუმცა შემოსავლის შემცირება განპირობებული იყო ზოგიერთი პროდუქციის რეალიზაციის გადატანით შვილობილ კომპანია „გეო ალკოში“. კომპანიაზე ასევე უარყოფითად აისახა ლარის გაუფასურება.

საანგარიშო პერიოდში სასესხო ვალდებულებები 2.6 მლნ ლარით გაიზარდა, რაც განპირობებულია ყურძნის შესყიდვისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის აღებით.

2020 წელს კომპანია გახდა „ სარაჯიშვილი ვაინერის ენდ დისთილერის“ 50% წილის მფლობელი. კომპანიაში ინვესტირებულია შეადგინა 8,2 მლნ. ლარი. ერთობლივი საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ყურძნის მიღების და სპირტად გამოხდის მომსახურების გაწევა, დაგეგმილია ღვინის წარმოება, ჩამოსხმა და რეალიზაცია.

"სარაჯიშვილი" 60-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

პროდუქციის 81% საექსპორტო ბაზრებზე იყიდება, 19% კი ადგილობრივზე. კომპანიის საექსპორტო ბაზარი 24 ქვეყანას ითვლის. 2020 წელს ოთხი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო: ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ამ ქვეყნების საერთო წილმა ექსპორტის 91% შეადგინა.

კომპანია კახეთში ფლობს ფრანგული შარანტის აპარატებით აღჭურვილ თანამედროვე ღვინის სპირტის სახდელ ქარხანას.

2020 წელს კომპანიაში საშუალოდ დასაქმებული იყო 127 ადამიანი.