ბიზნესი
29/08/2022

საპენსიო სააგენტო: დანაზოგი "მობაილ ბანკში" ინფრასტრუქტურის განახლების შემდეგ ისევ გამოჩნდება

საპენსიო დანაზოგი „მობაილ ბანკში” უახლოეს მომავალში ისევ გამოჩნდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საპენსიო სააგენტოს მთავარი ტექნოლოგიების ოფიცერმა ნიკოლოზ გაგნიძემ განუცხადა.

„როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია ინფორმაცია რამდენიმე მილიონი ადამიანის შესახებ და ამ მონაცემების დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხვონებს აკმაყოფილებდეს.

ამ მიზნით, ამჟამად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს. ეს პროცესი სპეციალურად დავამთხვიეთ შაბათ-კვირას, რომ სამუშაო დროს არ მომხდარიყო შეფერხებები,“-აცხადებს გაგნიძე.

როგორც იცით, ბოლო 1-2 დღეა „მობაილ ბანკში“ საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაცია აღარ ჩანს.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.2% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.8% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 5.0% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6% არის განთავსებული.

ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით კი, ივლისის თვის მდგომარეობით 2 267-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი.

 

 

Businesspartner