
"საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შემდეგ გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა იქნას მოძიებული"
„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების პროცესზე საუბრისას, ბუნებრივია, ყველა ვერსიას ექნება თავისი პლუსები და მინუსები. მსჯელობა, დისკუსია და პოლემიკა არის სწორედ ის ფორმატი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ვგულისხმობ მათ შორის, მთავრობასაც, ცხადია, მიგვიყვანს გადაწყვეტილების შეჯერებულ და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტამდე“, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გადასაწყვეტ საკითხთა შორის უმთავრესია ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ფორმატი, ანუ დარჩება თუ არა მის სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრთა კაბინეტის წევრები პრემიერის თავმჯდომარეობით. ხელაიას ასევე უმნიშვნელოვანესად და პრინციპულად მიაჩნია შვილობილი კომპანიების ფონდის შეადგენლობაში დარჩება-არდარჩენის საკითხი.
„თუ ეს კომპანიები ფონდის ქოლგის ქვეშ დარჩებიან, ვფიქრობ უფრო მკაფიო უნდა გახდეს დედა კომპანიასა და მათი ურთიერთობის ჩარჩოები და ცალსახად უნდა განისაზღვროს თუ სად წავა მათი დივიდენდები. თუ არ დარჩებიან, მაშინ „საპარტნიორო ფონდმა“, როგორც სუვერენულმა ფონდმა, ისე უნდა გაარძელოს საქმიანობა და ეს საერთოდ სხვა ფორმატი იქნება“, - განმარტა ხელაიამ
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ისიც თუ როგორ, რა ფორმით, რა ფორმატით, რა გრაფიკით, მოხდება ფონდის მიერ უკვე გაწეული დანახარჯების, ანუ მთავრობის დავალებით უკვე განხორციელებულ პროექტებში გაწეული დანახარჯების დაბრუნება ფონდისთვის. ან მოხდება თუ არა ეს საერთოდ.
„საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფონდის დღევანდელი მენჯმენტი მიიჩნევს,რომ ფონდი მაღალტექნოლოგიურ და ექსპორტზე ორიენტირებულ პროექტებზე უნდა დაკონცენტრირდეს.
ფონდი უნდა იყოს ასევე ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე მეტად ჭირს ინვესტიციები და სადაც მეტი რისკია ბიზნესის წარმოებისას. აქ სწორედ ფონდის მონაწილეობამ უნდა დაარწმუნოს ინვესტორი პირდაპირი ინვესტიციის განხორციელების წარმატებულ შესაძლებლობაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ფონდმა უკვე ძალიან ბევრი შეძლო და გააკეთა საქართველოს ეკონომიკისთვის და საიმისოდ, რომ ბიზნესმენებს გადმოედგათ ნაბიჯი საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილების მისაღებად და ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი თანმდევი რისკი ახასიათებს, რაც ინვესტირების პროცესს ხელს უშლის. ამას ემატება ზოგადად, პანდემიურ ფონზე, მსოფლიო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი საინვესტიციო შიმშილის პერიოდი.
ფონდის რეფორმირებამ შედეგად უნდა მოიტანოს ის, რომ მას გაუჩნდეს გაცილებით მეტი საშუალება ინვესტიციის მოსაზიდად, ვიდრე ეს დღეს აქვს, ან აქამდე ჰქონია. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა და მიზანი“, - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ.