ბიზნესი
06/03/2022

სანტე: რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ ვგეგმავთ

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს, - ასე ეხმიანება კომპანია ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ექსპორტის რუსეთის ბაზარზე შეტანის შესაძლებლობას.

“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია. ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.

პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით", - ნათქვამია "სანტეს" განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. 

"სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
 
სააგენტომ განმარტება მას შემდეგ გააკეთა რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელ 15 კომპანიას რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა აქვს. იქვე ნათქვამი იყო, რომ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან.