ბიზნესი
13/09/2022

"სანსეტ შოვი" კურორტის გენგეგმის მოლოდინშია - მენეჯმენტი სასტუმროს გაფართოებას გეგმავს

რაჭაში სასტუმრო “სანსეტ შოვი“ კურორტის გენგეგმის მოლოდინშია.

როგორც სასტუმროს მფლობელმა ირაკლი ქაფიანიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, განიხილება „სანსეტ შოვის“ გაფართოებაც, რომელიც შოვის გენგეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

„სასტუმრო კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ დახურულია. თუმცა დამატებით შევიძინეთ მიწის ნაკვეთები, სადაც განვითარებას ვგეგმავთ.

გენგეგმის დასრულების შემდეგ კურორტის მიმართ ინტერესი გაიზრდება, განხორციელდება ინვესტიციები, რაც შოვს კიდევ უფრო გააძლიერებს. ვფიქრობთ, რომ კურორტი 4 სეზონიანი იქნება. კურორტის მსხვილი ინვესტორები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი სურვილია კურორტი ერთიანი კონცეფციით და ერთიანი ხედვით განვითარდეს“-აცხადებს ქაფიანიძე.

კითხვაზე, განიხილება თუ არა შოვის გენგეგმის დასრულებამდე და კომპლექსის გაფართოებამდე არსებული სასტუმროს გახსნა/მუშაობა, ირაკლი ქაფიანიძე განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც გარკვეული საკითხები მოგვარდება, არ არის გამორიცხული არსებულმა სასტუმრომ მუშაობა განაახლოს.

სასტუმრო "სანსეტ შოვი" პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა.

რაც შეეხება შოვის გენგეგმას, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით კურორტს გენგეგმა უახლოეს მომავალში ექნება.

Businesspartner