სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების - გაიზარდა
სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი - გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58 ათასი ტონა, რაც 13 ათასი ტონით (18,3%) ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
8 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,3%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი - 3,9 ათასი ტონით (6,7%); ერაყი - 2,9 ათასი ტონა (5%); თურქმენეთი - 1,7 ათასი ტონა (2,9%); რუსეთი - 0,5 ათასი ტონა (0,9%); მალაიზია - 0,1 ათასი ტონა (0,2%).
2022 წლის იანვარ-აგვისტოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,52 ათასი ტონა, რაც 0,55 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (24,97 ათასი ტონა) შედარებით. გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,9% (25,49 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.