"სამურაბე" საწარმოო ხაზის გაფართოებას გეგმავს
„სამურაბე“ მომხმარებლებს ახალი ხილისგან საოჯახო სამზარეულოში დამზადებულ ნატურალურ პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი თინა ოსეფაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ „სამურაბეს“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„წელიწადში დაახლოებით 10 000 ქილა მურაბას ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე ჩვენი სამზარეულო მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ გვინდა საწარმოო ხაზის გაფართოება, რადგან მოთხოვნა მზარდია. ეს საშუალებას მოგვცემს, როგორც საქართველოს ბაზარზე, სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში შევიტანოთ პროდუქცია, ასევე გავიდეთ უცხოურ ბაზარზე.
2019 წელს სლოვაკეთის საელჩოს მიწვევით მონაწილეობა მივიღეთ საშობაო მარკეტზე და წარვადგინეთ ჩვენი პროდუცია, რასაც კარგი გამოხმაურება მოყვა. დაგვიკავშირდნენ ბულგარეთიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკეკები, ჩვენი მურაბის გატანასთან დაკავშირებით," – აღნიშნავს თინა ოსეფაშვილი.
„სამურაბე“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან არსებობს. დამფუძნებლის თქმით, პროდუქცია ნატურალური ხილით, ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. წარმოებაშია, როგორც ტრადიციული, ასევე სპეციალურად შემუშავებული კონცეფციის მქონე მურაბები. მაგალითად, საშობაო მურაბა, რომელიც ფეიხოას, კომშის და თხილის გემოებს აერთიანებს, ასევე ადესის მურაბა ნიგვზით, სხვადასხვა დანამატებით, დარიჩინით, ლიმონით და ა.შ.
„პროექტის განხორციელებისთვის დაგვჭირდება საწარმო, სასაწყობე ფართი, ინვენტარი, რისთვისაც ფინანსების მოზიდვა აუცილებელია. ამიტომ ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას „აწარმოე საქართველოში“ და სხვა საგრანტო თუ თანადაფინანსების კონკურსებში,“ – ამბობს „სამურაბეს“ დამფუძნებელი.