ბიზნესი
20/01/2022

სამრეწველო პროდუქცია დეკემბერში 20.3%-ით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქცია 2021 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა, წლიური ზრდა 20%-ს აღემატება.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი, საქსტატის ცნობით, ნოემბერთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა.

ერთწლიან პერიოდში ყველაზე მეტად, 25%-ით გაძვირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, ფასები კი სამთო-მოპოვებითი მრეწველობასა და კარიერების დამუშავების სფეროში 7.2%-ით არის შემცირებული.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 7.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.52 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-17.8%);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 24.9%-ით, რამაც
მთლიანი ინდექსის ზრდაზე 19.67%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.5%), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (185%) და ძირითადი ლითონები (59.6%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.02%-ული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

 

 

Businesspartner