"სამოსელი პირველის" პროდუქციაზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დიდი მოთხოვნაა
„სამოსელი პირველის" პროდუქცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იყიდება. როგორც კომპანიის დირექტორი ანა ნინუა „ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, არაბეთში ქართული სამოსი იქაური პარტნიორების მეშვეობით საკმაოდ წარმატებით იყიდება.
ამ დროისთვის პროდუქციის ექსპორტზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ქვეყნებთან, კონსულტაციებია ყაზახეთთანაც.
„ქართული სამოსის შეკერვა პოპულარული მიმართულება გახდა, ბევრმა დაიწყო ეს საქმიანობა, რაც ძალიან გვახარებს,“ - აცხადებს ნინუა.
რაც შეეხება ფასებს, სამოსელის ფასი 550 ლარიდან 2 000 ლარამდეა. საქორწინო სამოსის ფასი 10 000 ლარია. აქსესუარების ღირებულება 15-დან 500 ლარამდე მერყეობს. ამ დროისთვის კომპანია ქმნის როგორც ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსს, ისე ფეხსაცმელს და აქსესუარებს.
როგორც ნინუა აცხადებს, „სამოსელი პირველის“ მომხმარებელი ძირითადად, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოებაა.
კომპანია 2009 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მაღაზია 2010 წელს გაიხსნა. ამჟამად ბაზარზე კომპანია ერთი შოუ-რუმით (საბურთალოს „სითი მოლი“) არის წარმოდგენილი.
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.