"სამოსელი პირველი" წლის ბოლომდე გაფართოებას გეგმავს
„სამოსელი პირველი" წლის ბოლომდე გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორი ანა ნინუა „ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით ბრენდული მაღაზიის გახსნა, თუმცა, ლოკაცია ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
კომპანიის ხელძღვანელის თქმით, პანდემიამ რეალიზაციის მაჩვენებელზე გავლენა მეტ-ნაკლებად მოახდინა. მიუხედავად ამისა, „სამოსელ პირველს“ მაინც აქვს გაყიდვები, ყველაზე მოთხოვნადი კი კომპანიის დამზადებული აქსესუარებია.
„პანდემიის გამო ონლაინ გაყიდვებზე გადავედით, თუმცა, ჩვენი მიმართულება სპეციფიურია, სამოსის მოზომების გარეშე, დისტანციურად შეძენა ცოტა რთულია. აქსესუარებზე ამან არ იმოქმედა და ბევრად უფრო პოპულარული გახდა. ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლებას ვერ ვასწრებთ, იმდენად სწრაფად იყიდება,“ - აცხადებს ნინუა.
რაც შეეხება ფასებს, სამოსელის ფასი 550 ლარიდან 2 000 ლარამდეა, საქორწინო სამოსის ფასი 10 000 ლარს შეადგენს. აქსესუარების ფასი კი 15 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. ამ დროისთვის კომპანია ქმნის როგორც ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსს, ისე ფეხსაცმელს და აქსესუარებს.
როგორც ნინუა აცხადებს, „სამოსელი პირველის“ მომხმარებელი ძირითადად, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოებაა.
კომპანია 2009 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მაღაზია 2010 წელს გაიხსნა. ამჟამად ბაზარზე კომპანია ერთი შოუ-რუმით (საბურთალოს „სითი მოლი“) არის წარმოდგენილი.
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.