სამკაულების ბრენდი IrenDesign Handamde გლობალურ ბაზარზე გასასვლელად ემზადება
IrenDesign Handamde მომხმარებლებს ხელნაკეთ სამკაულებს და დეკორატიულ ნივთებს სთვაზობს. კომპანიის დამფუძნებელმა ირენა მახარაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ ბრენდი გლობალურ ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
„ვემზადები გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. აქამდე ამას უფრო ეპიზოდური სახე ჰქონდა, მხოლოდ დიდი შეკვეთის შემთხვევაში ვახერხებდი მიწოდებას. საცალო ვაჭრობას საზღვარგარეთ არარეალისტურად ვხედავდი, რადგან ძვირი ჯდებოდა ნივთის გაგზავნა. დღეს უკვე არის ამის რეალური შესაძლებლობები და ძალიან შთამაგონებელი მაგალითებიც ქართველი მეწარმეებისა, რომლებიც წარმატებით ყიდიან თავიანთ ნამუშევრებს უცხოურ ბაზრებზე. ასევე, ჩემი სამომავლო გეგმებში მაქვს თანამედროვე ხელოვნების სტუდია notMuseum-ის განვითარება, რომლის სივრცეშიც გვაქვს სახელონო და 15 მარტიდან სტუდიის გალერეაში იქნება შესაძლებელი IrenDesign Handmade-ის სამკაულების შეძენაც," – აღნიშნავს, ირენა მახარაძე.
მისივე თქმით, IrenDesign Handamde -ის ხელნაკეთი აქსესუარების შეძენა ონლაინ მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. ერთი მხრივ, მოსახერხებელია, თუმცა ცხადია, ბევრ მომხმარებელს პროდუქტის ადგილზე ნახვა ურჩევნია.
„რა თქმა უნდა, პანდემიამ გააჩერა გაყიდვები გალერეებსა და მაღაზიებში, სამაგიეროდ, ონლაინ გაყიდვები აქტიურად ამუშავდა. კურიერის ნორმალური მომსახურების გამოყენებაც, სანდოობისა და პასუხისმგებლობის მხრივ, უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
მასალა, რაზეც ვმუშაობ, პოლიმერული თიხაა, თუმცა ხშირად შერეულ ტექნიკასაც ვიყენებ, პოლიმერული თიხა სხვადასხვა მასალას კარგად ითვისებს. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი ქვები, ხე, მეტალი, დეკუპაჟის ტექნიკა, აკრილის საღებავი და სხვა. თიხის შეძენა დღეს აღარაა პრობლემა საქართველოში, რამდენიმე ცნობილი ბრენდის თიხა ხელმისაწვდომია თბილისშიც და რეგიონებშიც. ხოლო ფურნიტურას, რაც მჭირდება, მაინც მიწევს საზღვარგარეთიდან გამოწერა. ბოლო პერიოდში, მოთხოვნადია მძივებთ შექმნილი სამკაულები. ყველა ნამუშევარი ორიგინალია, ძნელია ზუსტად გაიმეორო. რაც მთავარია, ნამუშევრების ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვცდილობ ადრესატამდე შეძენილი ნივთი განსაკუთრებული შეფუთვით მივიდეს,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროექტი კერძო ინვესტიციით გაკეთდა. IrenDesign Handamde-ის შექმნის იდეა კი ირენა მახარაძეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა და მალევე გადაწყვიტა საყვარელი საქმიანობა ბიზნესად ექცია.
„ეს ამბავი, ჩემი შვილის გატაცება-აკვიატებასაც უკავშირდება. მოვიხიბლე იმ მასალებით, რასაც იყენებდა და მეც მომინდა რაიმე სამკაულის გაკეთება. თავიდან გაყიდვა არ მიფიქრია. შემდეგ, მეგობრების მხარდაჭერით გამხნევებულმა, გავბედე და თავიდან ბლოგზე, შემდეგ ფეისბუკ გვერდზეც გამოვაქვეყნე ნამუშევრების ფოტოები. ძალიან მალე, დავიწყე ხელნაკეთი სამკაულების გაყიდვა. ჯერ ონლაინ რეჟიმში, შემდეგ დამიკავშირდა რამდენიმე გალერეა, მაღაზია და მათთან დავიწყე თანამშრომლობა,“– აღნიშნავს ირენა მახარაძე.