სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინა პორტუგალიაშიც გაიყიდება
ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) მიერ წარმოებული ლოკოკინები პორტუგალიაში გაიყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, „სნეილ ქეჩი“ საექსპორტო ბაზრების სიის გაფართოებაზე მუშაობს.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პორტუგალიასთან და საფრანგეთთან, ახლა, საბოლოო დეტალები ზუსტდება. სავარაუდოდ, მომავალ წელს უკვე გავიტანთ გარკვეული მოცულობის პროდუქციას პორტუგალიაში. წელს კი 120 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტს მოვახდენთ ესპანეთში“, - განმარტა მერაბ ნადარაიამ.
მისივე ინფორმაციით, მომავალი წლისთვის, კომპანია 400 ტონამდე საექსპორტო პროდუქტის წარმოებას გეგმავს. ამ მიზნით, „სნეილ ქეჩმა“ ხობში არსებული საწარმო გააფართოვა და მისი ტერიტორია 6-დან 15 ჰექტრამდე გაზარდა.
„ვგეგმავთ, სენაკის საწარმოს მოდერნიზაციასაც, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალი წლისთვის ორივე საწარმოს წარმადობა გავზარდოთ და ექსპორტზე უფრო ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი. ზოგადად, ლოკოკინა ძალიან საინტერესო პროდუქტია და მასზე დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზრებზე. მათ შორის, მოთხოვნადია საქართველოში წარმოებული ლოკოკინაც, რადგან დამკვეთებს ჩვენ ვთავაზობთ იმ ხარისხს, რა ხარისხიც სჭირდება ევროკავშირს. ფასითაც ცოტა ნაკლებია ჩვენი ლოკოკინის ღირებულება, ამ ეტაპზე, 1 კილოგრამი 4.5 ევრო ღირს“, - აღნიშნა „სნეილ ქეჩის“ თანადამფუძნებელმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მერაბ ნადარაია ამბობს, რომ „სნეილ ქეჩი“ შიდა ბაზარზე ცოცხალ ლოკოკინას ფერმერებზე ყიდის.
„ფერმერების განვითარება გვაინტერესებს იმ მხრივ, რომ ჩვენ გვქონდეს ნედლეული ჩვენივე ქარხნებისთვის. ამიტომ, ფერმერებზე ვყიდით სადედე ლოკოკინებს, ასევე ლოკოკინის ლიფსიტებს და უკვე ისინიც აწარმოებენ ლოკოკინას“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ მერაბ ნადარაიამ.
„სნეილ ქეჩის“ დამფუძნებელმა კადრების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისევე როგორც ბევრ სექტორს, მათაც აწუხებთ ადამიანური რესურსის ნაკლებობა.
„ორივე საწარმოში, ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 70 კაცამდე გავზარდეთ. ჯერჯერობით, ვუმკლავდებით კადრის დეფიციტის პრობლემას. თუმცა, ბევრი ადამიანი მიდის უცხოეთში სამუშაოდ და ეს გამოწვევა ჩვენს წინაშეც ნამდვილად დგას. განსაკუთრებით, სოფლებში ბევრი კადრი არ არის და ახლომდებარე ქალაქებიდან (სენაკი, ხობი) გვიწევს მუშების ტრანსპორტირება სპეციალური მიკროავტობუსებით“, - აღნიშნა ნადარაიამ.
შეგახსენებთ, „სნეილ ქეჩის“ კომპანიის საკუთრებაშია ხობში 15 ჰექატრზე, სენაკში კი 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინების ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 220 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. 2020 წლის შემოდგომიდან, კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.