ბიზნესი
29/10/2020

სამედიცინო ტექსტილისთვის საჭირო ნედლეული 30-40%-ით გაძვირდა - "ივერია ტექსი"

„სამედიცინო ტექსტილის დასამზადებლად საჭირო ნედლეული 30-40%-ით გაძვირდა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ივერია ტექსის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

დავით ბიძინაშვილის განმარტებით, ნედლეულის ფასების მატებაზე ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად გავლენას საერთაშორისო ბაზარზე ამ ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა ახდენს.

„ნედლეული, როგორც ჩინეთში, ისე თურქეთში, მნიშვნელოვნად გაძვირდა. ფასები, რა თქმა უნდა, თურქეთში გაცილებით მაღალია, თუმცა იქ შეძენილ პროდუქტს აქვს უპირატესობა - ტრანსპორტირება ჩინეთთან შედარებით თურქეთიდან უფრო სწრაფი და მარტივია,“ - აღნიშნა დავით ბიძინაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ივერია ტექსს“ ამ ეტაპზე 10 000 სამედიცინო ხალათის შეკვეთა აქვს.

კომპანიამ სამედიცინო ტექსტილის წარმოება გაზაფხულზე დაიწყო. ამ დრომდე "ივერია ტექსს" რამდენიმე ასეული სამედიცინო ხალათი აქვს დამზადებული. დავით ბიძინაშვილის განმარტებით, მოთხოვნა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ისე კერძო კლინიკებიდან მაღალია.