ბიზნესი
11/04/2022

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP: პანდემიამ ბრუნვა გაგვინახევრა

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ პანდემიამ კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიურად იმოქმედა.

მისი განცხადებით, აქცენტი გაკეთდა პანდემიასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე, სხვა დანიშნულების პროდუქციაზე კი მოთხოვნა შემცირდა. როგორც ლიპარტელიანი აღნიშნავს, მაშინ სახელმწიფომ გეგმიური ოპერაციები შეაჩერა, ამ დროს ემსახურებოდა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევევს, ბევრი კლინიკა  კი კოვიდ ცენტრად გადაკეთდა.

„აღარ იყიდებოდა აპარატურები. მოთხოვნადი იყო მხოლოდ სასუნთქი აპარატები, რომელზეც მსოფლიოში ისეთი დეფიციტი იყო, რომ ვინმე თუ გვაჩუქებდა. მისი ჩამოტანა საკმაოდ რთული იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პანდემიამ ჩვენი ბრუნვა დაახლოებით 50%-ით შეამცირა. მოგვიწია, მთელი ჩვენი მიწოდების ჯაჭვის და დისტრიბუციის ქსელის პანდემიის პროდუციაზე გადართვა. ამას თავისი დრო სჭირდება.

2020 წელი რეალურად ამაში დაიკარგა. 2021 წელს სიტუაცია შედარებით გაგვიუმჯობესდა, ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ნელ-ნელა ძველ მაჩვენებლებს ვუბრუნდებით,“-აცხადებს ლიპარტელიანი.

ლიპარტელიანის განცხადებით, სახარჯი მასალების იმპორტი ძირითადად თურქეთიდან, ჩინეთიდან, მალაიზიიდან და ინდოეთიდან ხდება. აპარატურის შემოტანა კი ხორციელდება როგორც ევროპიდან, ისე აშშ-დან და იაპონიიდან.

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP ბაზარზე 2014 წლიდანაა. კომპანია საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ქირურგიულ ცენტრებს ,ესთეტიკურ ცენტრებს და ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებსა და ინსტიტუტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქციით (ავეჯი, აპარატურა,სახარჯი მასალა, მედიკამენტები) ამარაგებს.