ბიზნესი
05/04/2022

საქკაბელი: თუ ასე გაგრძელდა, ფასების გაზრდა ჩვენც მოგვიწევს

კომპანია "საქკაბელს" შესაძლოა მალე პროდუქციის გაძვირება მოუხდეს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოგისტიკური მიმართულებით კომპანიებისთვის არაერთი პრობლემა შექმნა. მათ შორის, გართულდა ტრანსპორტირება, გაიზარდა მიწოდების ვადები და ღირებულება.

მამალაძე აცხადებს, რომ „საქკაბელს“ პროდუქციისთის საჭირო ნედლეული ძირითადად, აშშ-დან, უზბეკეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოჰქონდა, თუმცა, საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა კრიზისმა ყველა მომწოდებელზე ნეგატიურად იმოქმედა.

„რუსეთზე ნაკლებად ვიყავით დამოკიდებული, თუმცა, საომარმა სიტუაციამ მსოფლიოში კრიზისი გამოიწვია, გაიზარდა ფასები. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, ფასების გაზრდა ჩვენც მოგვიწევს,“ - აცხადებს მამალაძე.

ქარხანაში დამზადებული კაბელები 2010 წლიდან ექსპორტზე სომხეთში გადის. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ბრენდული მაღაზიაც აქვს, მათ შორის, 3 - თბილისში.

"საქკაბელი" საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა. მის ძირითადი ფუნქცია 74 დასახელების 2000-მდე სპეციფიკაციის კაბელების წარმოებაა. 2012 წელი სს საქკაბელში რებრენდინგი განხორციელდა.

კომპანიამ 2016 წელს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში წარმოება გადაიარაღა. ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით, რამაც კომპანიას  უახლესი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ისეთი პროდუქციის წარმოების საშუალება მისცა, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ჰალოგენის გარეშე კაბელი.

2018 წელს “საქკაბელის” წარმოებულ პროდუქციას მიენიჭა CE მარკირება, რომელიც გულისხმობს პროდუქციის სრულ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.