ბიზნესი
28/01/2021

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება სახელმწიფო ელექტროსისტემიდან იწყება

მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების საკითხს განიხილავენ. შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა და მთავრობა იმსჯელებს როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო.

ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა დაანონსა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა, ზუსტად მაშინ ისაუბრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების განკარგვის საკითხზე ნათია თურნავამ და ამ მიმართულებით რეფორმის დაწყებაც დაანონსა.

"სახელმწიფო საწარმოების მართვის თვალსაზრისით სერიოზული რეფორმებია დაგეგმილი. საუბარია იმაზე, რომ იმ სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების უფრო მეტად კორპორატიზაცია და ცივილური მეთოდებით მართვა მოხდეს, რომელთა განკერძოება არ იგეგმება. საბოლოო ამოცანის მიხედვით კი, ის ფინანსურად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს დაწყებულია, პირველ რიგში, ელექტროსისტემიდან. ძალიან ახლოს ვართ, რომ ეს ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა და შეძლებს დამოუკიდებლად დაფინანსების მოპოვებას“,- განაცხადა თურნავამ.

თავად სახელმწიფო ელექტროსისტემაში რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად მზადება დაწყებულია. სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნით, როგორც თავის დროზე ითქვა, უნდა იყოს უზრუნველყოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. მანვე უნდა განსაზღვროს კომპანიის შემდგომი განვითარების პოლიტიკა.

რეფორმირების ფარგლებში ასევე მოხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ შემოერთება, რის შედეგადაც მისი სატრანზიტო ინფასტრუქტურის ხარჯები, სსე-ის ტარიფში აისახება.  განხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კორპორატიზაცია, რაც მართვის მოდელის დახვეწას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარის ობლიგაციების გამოშვებასაც გეგმავს.

„ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით“, - განუცხადეს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში.

კომპანიამ 2019 წელი 30 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. მომგებიანი იყო 2018 წელიც (47 მლნ ლარი). მზარდია შემოსავლები. 2019 წელს შემოსავალმა 257 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2013 წელს შემოსავალი 79 მლნ არ აღემატებოდა. თუმცა გაზრდილია ხარჯებიც, რაც 227 მლნ ლარს აღწევდა.