ბიზნესი
15/07/2021

საქართველოში შემოსვლით ჩინური კორპორაცია Dongfang Electric დაინტერესდა

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაცია Dongfang Electric Corporation-ი საქართველო ბაზარზე შემოსვლით არის დაინტერესებული. მიზანსა და სურვილზე კორპორაციის პრეზიდენტმა ჩენ ციანგმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე გამოხატა.

ცინაგი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავასთან შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ჩინური კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხსაც. 

"Dongfang-ი როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.

ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი" 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს.

Businesspartner