ფოტო: kvira.ge
ბიზნესი
02/08/2023

საქართველოში "საცალო კომერციის ასოციაცია" იქმნება – ბაჩანა ჯინჭარაძე სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს

საქართველოში “საცალო კომერციის ასოციაცია” იქმნება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ასოციაციის დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ეკონომისტმა ბაჩანა ჯინჭარაძემ განაცხადა.

ჯინჭარაძემ სექტორში არსებული გამოწვევების და ასოციაციის მიზნების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საცალო კომერციის სექტორში თანაბარი პირობები უნდა დადგინდეს.

„საცალო კომერციის სექტორში, იმპორტის დაბეგვრისას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, თანაბარი პირობები უნდა დადგინდეს. აქ ორგანიზებული კომერციისთვის იმპორტირებული ნივთებისა და საფოსტო გზავნილით შეძენილი 300 ლარამდე ღირებულების ნივთების დაბეგვრის რეჟიმის გათანაბრების აუცილებლობა იგულისხმება. სადღეისოდ, ფიზიკური პირის მიერ 300 ლარამდე ღირებულების ნივთის საფოსტო გზავნილით შეძენა დღგ-ის გადასახადისგან თავისუფალია.

ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტთან წვდომის მასშტაბის ზრდა შეუქცევადი პროცესია და საცალო კომერციის სექტორიც ამ ფონზე ვითარდება. ეს ცალსახად მისასალმებელი პროცესია და ამ ტენდენციას ფეხი ყველამ უნდა აუწყოს. თუმცა, განვითარების პარალელურად, დღის წესრიგში ახალი გამოწვევებიც შემოდის. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ და შესაძლებლობებად მათი გარდაქმნის მიზნით „საცალო კომერციის ასოციაცია“ იქმნება. გამოწვევა არაერთია და მინდა, გითხრათ, რომ მათ წინაშე არათუ სექტორი, არამედ მთავრობაც დგას.

ასოციაცია შეეცდება, საზოგადოებაც და ფისკალური ხელისუფლებაც დაარწმუნოს, რომ საცალო კომერციის მონაწილე ყველა პირი, მიუხედავად იმისა, ფიზიკური პირის სტატუსით მოქმედებს ის, თუ იურიდიულის, თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს და სწორედ ეს მოცემულობა გახდება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ბაზარი მომავალში სამართლიანად განვითარდება”, – განაცხადა ჯინჭარაძემ.

მისივე თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად არის ისეთი სოციალური გვერდებისა და ჯგუფების რაოდენობა გაზრდილი, სადაც რეალურად კომერცია მიმდინარეობს და მისი მონაწილეები საგადასახადო არეალს მიღმა არიან.

„დღეს უკვე საცალო კომერციის სექტორი იმ რეალობის წინაშე დგას, როდესაც შეუძლებელი ხდება იმის განსაზღვრა, არსებული შეღავათის ფარგლებში გამოწერილი კონკრეტული ნივთი პირადი მოხმარების მიზნითაა შეძენილი  თუ კომერციული. იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ერთგვარი შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენება სულ უფრო მასშტაბური ხდება, არსებული სტატისტიკური მონაცემების ზედაპირული ანალიზიც კი იძლევა. კერძოდ, 2022 წელს, მხოლოდ თურქეთიდან გამოწერების მოცულობა დაახლოებით 5-ჯერაა გაზრდილი. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად არის ისეთი სოციალური გვერდებისა და ჯგუფების რაოდენობა გაზრდილი, სადაც რეალურად კომერცია მიმდინარეობს და მისი მონაწილენი საგადასახადო არეალს მიღმა არიან. ამ მიმართულების განვითარება საცალო კომერციის ლეგალურ სექტორს დიდ დარტყმას აყენებს და არათუ განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ უკვე ხვალ-ზეგ, არსებული ოპერირებისას, ამან შესაძლოა, პრობლემები შექმნას და სავაჭრო ობიექტების ნაწილის დახურვასა და დასაქმებულთა მნიშვნელოვან შემცირებაში აისახოს“, – განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, თანაბარი პირობების არსებობა ყველა სექტორის სამართლიანად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

„თავის დროზე, არსებული შეღავათი ინტერნეტშოპინგის წახალისების მიზნით დაწესდა და მალევე, მაშინ დაწესებული 1500 ლარის მოცულობის ლიმიტი 5 – ჯერ შემცირდა. ფაქტია, ეს სწორედ ფისკალურ მომენტზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზების მიზნით მოხდა. ვფიქრობ, ამ კუთხით, ახლაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია და მისი მაქსიმალურად სამართლიანად გადაწყვეტა დიდ და პროფესიულ ყურადღებას მოითხოვს.

კითხვაზე – აღნიშნული ინიციატივის დამტკიცების, ანუ 300 ლარამდე ღირებულების ნივთის იმპორტისას დღგ-ს არსებული შეღავათის გაუქმების შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევს ეს საფოსტო გზავნილების კომპანიების შემოსავლების დრამატულ შემცირებას და მათი საქმიანობის მთელი რიგი მიმართულებებით შეფერხებას, ჩემი პასუხია, რომ საკითხის ამ რაკურსით დაყენება, მასშტაბებში მისი შეუდარებლად განსხვავებულობის გამო, რელევანტურად არ მიმაჩნია.

საცალო კომერციის და საფოსტო გზავნილების ბიზნესის, მათი ბრუნვების, სექტორებში დასაქმებულების, სექტორების მიერ დამატებული ღირებულების შექმნის მასშტაბები რადიკალურად განსხვავებულია. ამდენად, საკითხის ასე დასმა არ მგონია, სამართლიანი იყოს. გარდა ამისა, ფაქტია, რომ როგორც საცალო კომერციის სექტორი, ისე ონლაინშოპინგის, მათ შორის, უცხოეთიდან ონლაინგამოწერის ინდუსტრია და პრაქტიკულად, მასზე მიბმული საფოსტო ამანათების სექტორიც იზრდება. ეს ჯანსაღი და მისასალმებელი პროცესია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს პროცესი, მთლიანობაში, სწორი გზით და თანაბარი პირობების არსებობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.

არ ვფიქრობ, რომ თანაბარი პირობების დაკანონების შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების სექტორი რაიმე სახის მასშტაბური ან დაუძლეველი პრობლემის წინაშე დადგება. დარწმუნებული ვარ, საფოსტო ამანათების სექტორი მხოლოდ ამ არსებული შეღავათის ფონზე არ ოპერირებს, მით უფრო, რომ ონლაინშოპინგის კულტურა მხოლოდ იხვეწება და მისი მასშტაბი შეუქცევადად იზრდება.

kvira.ge

Businesspartner