საქართველოში, ნატურალური თმით წარმოებული ქალის პარიკები საერთაშორისო ბაზარზეც გაიყიდება
საქართველოში, ნატურალური თმით წარმოებული ქალის პარიკები საერთაშორისო ბაზარზეც გაიყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოციალური საწარმო „პარიკების ოთახის“ თანადაფუძნებელმა თეო ინასარიძემ განუცხადა, საექსპორტო ბაზრებად ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, აშშ და ჩინეთი მოიაზრება.
„კავკასიური თმა უნიკალურია, შესაბამისად, ის მსოფლიოში მაღალ ფასად არის შეფასებული და ექსპორტზეც გადის. სულ მალე საერთაშორისო ბაზრებზე გაიყიდება ქართული თმით წარმოებული პარიკებიც, რომლითაც რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაინტერესდნენ. ჩვენი პარიკებით დაინტერესება მისმა მაღალმა ხარისხმა და გამძლეობამ განაპირობა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში პარიკები ხელოვნური თმით იწარმოება, ჩვენ კი ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ნატურალურ თმას ვიყენებთ“, - აღნიშნა თეო ინასარიძემ.
მისი თქმით, „პარიკების ოთახი“ ექსპორტზე გასვლამდე, წარმოების გაფართოებას გეგმავს.
„გვინდა, რომ მეტი თანამედროვე დანადგარი ჩავრთოთ ჩვენს საქმიანობაში, ვინაიდან, პარიკების წარმოების პროცესი ძალიან შრომატევადია და 1 პარიკის დამზადებას ზოგჯერ 10 დღეც კი სჭირდება. ყველა პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობაა საჭირო, შესაბამისი კადრების მოძიება კი გვიჭირს. იმდენად დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ საქმეს, ხალხი უარს ამბობს საწარმოში დასაქმებაზე. გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს ნედლეულის მოძიებაც, რადგან ქვეყანაში არ არსებობს პუნქტი, სადაც მწარმოებლები ბუნებრივ თმას შევიძენთ. ამიტომ, თმას ფიზიკური პირებისგან ვიბარებთ. ჩასაბარებელ ფასს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის - თმის სიგრძე, ხარისხი განაპირობებს“, - განმარტა თეო ინასარიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ბუნებრივი თმით დამზადებული პარიკები საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და ფასები 350 ლარიდან 5000 ლარამდეც კი მერყეობს. მიუხედავად ამისა, მათზე მოთხოვნა თვიდან თვემდე მზარდია.
სოციალური საწარმო „პარიკების ოთახი“, რომელიც ბოლო 1 წელია, ქალბატონებისთვის ნატურალური თმით სხვადასხვა სახეობის პარიკებს ქმნის, 2024 წლიდან მამაკაცის პარიკების წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. ამ დრომდე, სხვადასხვა დონორის მიერ, „პარიკების ოთახში“ 100 ათასი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.