საქართველოში მედიკამენტები ხუთ წელში 57-110%-ით გაძვირდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიკამენტები 57-110%-ით გაძვირდა. ფასების ზრდის დინამიკა „ბიზნესპარტნიორმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა.
საქსტატის მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2020 წლების დიაპაზონში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 110.9%-ით გაძვირდა, ანტიბიოტიკები 79.5%-ით, ვიტამინები 67.6%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 57.5%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კი 60.7%-ით.
სამკურნალო საშუალებებზე ფასები ბოლო ერთ წელშიც გაიზარდა. მედიკამენტები 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე 4-23%-ით გაძვირდა.
ყველაზე მეტად წელსაც ტკივილგამაყუჩებლების ღირებულებამ მოიმატა. ამ ქვეჯგუფში შემავალი წამლები 23,5%-ით არის გაძვირებული, 10.2%-ით ვიტამინები, ანტიბიოტიკები 5.3%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 4.5%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 3.7%-ით.