საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა
ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ვარძიამ“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, კომპლექსი “მელუდის სახლი“, რომელიც თითქმის 2 თვეა გაიხსნა, განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო.
მისი განცხადებით, ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და კომპლექსში არსებული ბუტიკ სასტუმროში განთავსება, რომელიც ჯამში 8 ადამიანზეა (4 ნომერი) გათვლილი.
ზედგენიძე აცხადებს, რომ სერვისით ძირითადად უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან. „მელუდის სახლმა“ უკვე უმასპინძლა 9 ქვეყნიდან სტუმრებს.
„საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს, ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც ჩვენს რეგიონში იმოგზაურებს, აუცილებლად დაინეტერესდება. მართალია გავხსენით მაშინ, როდესაც სეზონი უკვე დამთავრებული იყო, თუმცა, ამ დონის მოთხოვნას მაინც არ ველოდით,“ - აცხადებს ზედგენიძე.
პროექტში ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.