საქართველოში "ინტერის" აკადემიის დირექტორი: ქვეყანაში ფეხბურთი როგორც ბიზნესი არ ამართლებს
საქართველოში ფეხბურთი, როგორც ბიზნესი არ ამართლებს. როგორც საქართველოში „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორი ანა წერეთელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ კუთხით დიდი თანხის ინვესტირებაა საჭირო, თუმცა, მისი ამოღება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ქართველი ბიზნესმენები ფეხბურთში ფულის ჩადებით თითქმის არ ინტერსდებიან და ეს ბუნებრივიცაა.
„ქართული კლუბებიდან ტრანსფერები არ ხორციელდება. ქართველი ფეხბურთელების კარგი ტრანსფერი რომ განხორციელდეს, ეს კლუბებისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება. თუმცა, დიდი ტრანსფერი დიდი ხანია არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ახლა იტალიურ კლუბ „ნაპოლში“ გადადის და გიორგი მამარდაშვილს,რომელიც "ვალენსიას" ღირსებას იცავს,რაც ძალიან საამაყოა,“-აღნიშნავს წერეთელი.
მიზეზი, თუ რატომ ვერ ხდება ქართველი ფეხბურთელების უცხოურ კლუბებში ტრანსფერი, წერეთელი აცხადებს, რომ საკითხი კომპლექსურია.
„ინტერის აკადემიაში ჩვენი დევიზია ის, რომ ჯერ ჩამოვაყალიბოთ პიროვნებებად და თამაში შემდეგ ვასწავლოთ. გარდა ამისა, ბავშვებს ვუნერგავთ, რომ უნდა ითამაშონ არა მოსაგებად, არამედ სიამოვნების მისაღებად. ბავშვს ფეხბურთის სიყვარული პატარა ასაკიდან უნდა ჩაუნერგო და მის სწორად განვითარებაზე იზრუნო, “-აცხადებს წერეთელი.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის 20-ე საფეხბურთო აკადემია 2022 წლის მარტში დაფუძნდა. რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა პროექტში, ამაზე წერეთელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტი საქველმოქმედოა და თანხის ოდენობა - კონფიდენციალური.
„ინტერის“ საფეხბურთო სკოლა და აკადემია მოიცავს 4 პატარა და 1 დიდი მოედანი.
"ინტერ აკადემია საქართველო" "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა. იმავე ტერიტორიაზე მდებარეობს "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრი.
დღეს საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიაში მომზადებას 310 ფეხბურთელი გადის
შეგახსენებთ, რომ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი ქუთაისის „ტორპედოსაც” ფლობს.