ბიზნესი
26/02/2021

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

„გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი ბევრად უფრო დიდ მიღწევად ითვლება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიდია იახტების ინდუსტრიის როლი მხარჯველობითუნარიანი ტურიზმის განვითარებაში და ამ კულტურის გაძლიერება მთლიანად დასვენების ხარისხს მნიშველოვნად გააუმჯობესებს,“ - საუბრობს ბიზნესპარტნიორთან კომპანია „აზიმუტ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი, შეიძლება ითქვას, რომ კომპანია “ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც 2018 წლიდან შპს „რივიერას“ ქვემოიჯარეა. კომპანია სანაპირო ზოლზე შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობას 2 წლის ვადაში გეგმავს.

"ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, არანაირი ინფრასტრუქტურა იახტების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ქალაქს არ აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, სეზონზე 50-60 იახტა მაინც რეგისტრირდება ჩვენთან და მათი საქმიანობა, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი. ვისურვებდი, რომ იახტმფლობელები საკუთარი სიამოვნებისთვისაც იყენებდნენ ამ ტერიტორიას და ვიმედოვნებ, ამ მიმართულებითაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, ჩვენ კი პროექტზე მუშაობას უახლოეს ვადაში ვასრულებთ და რამდენიმე წელში ევროპულ სტანდარტებთან შესაფერის საიახტო გარემოს შევქმნით,“ - აცხადებს „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორი - მიხეილ ფანჩულიძე.

სახელმწიფო, თავის მხრივ, საზღვაო ტრანსპორტის მხარდაჭერას და წახალისებას საგადასახადო შეღავათებით ცდილობს. საზღვაო ტრანსპორტი საბაჟო გადასახადისგან თავისუფალია და იახტების რეგისტრაციაც, სხვა საზღვაო ქვეყნებთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს.

„კანის იახტების ფესტივალის დამფუძნებლები და ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობაც, ბათუმში ვიზიტისას გაოცდნენ და განსაკუთრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ მწვანე კონცხის ტერიტორიით. დასანანია, რომ ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად არ შეესაბამება ქვეყნის რესურსს და პოტენციალს. უახლოეს წლებში ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება და ახალი და თანამედროვე იახტებიც უფრო მეტად გამოჩნდება ჩვენს სანაპირო ზოლზე,“ - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.