ბიზნესი
19/09/2022

საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა

დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით განხორციელდა.

ტურის ფარგლებში, სტუმრები,  ქართლსა და კახეთში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

ღვინის მწერალ ვიქტორია დასკალის შეფასებით, ქართული ღვინო ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

„ქართული ღვინოებია ქამდეც გამისინჯავს, დამიწერია მასზე, თუმცა, საქართველოში პირველად ვიმყოფები. აქაურობა არაჩვეულერბრივია, ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რაც მე ღვინოში მიყვარს: კულტურა, ისტორია, ლეგენდები, რელიგია. ამაღელვებელი ტურია, მოხიბლული ვარ ყველაფრით, რაც ვნახე; ამ ტურის საუკეთესო ნაწილია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ამ ღვინოების უკან დგანან; ისტორიის გაცოცხლება და ჩვენთვის გაზიარება. ღვინოები ნამდვილად არაჩვეულებრივია; მე უკვე ვაღიარე, რომ ძალიან მიყვარს ქართული ღვინო, თუმცა მისი საქართველოში დაგემოვნება მეტად განსაკუთრებულია“, - აღნიშნა ვიქტორია დასკალიმ.

ღვინის ტურის ფარგლებში, ბრიტანელი სტუმრებითვის, თბილისში, სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, სადაც მწარმოებლებს  შესაძლებლობა მიეცათ, გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მათგან დიდი ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები მიეღოთ.

ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში  371 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.