საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების შესაძლებლობას განიხილავს
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების შესაძლებლობას განიხილავს.
SEPA-ში გაწევრება გაამარტივებს საქართველოდან საბანკო გადარიცხვებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, სივრცეში გაერთიანება სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციას.
საქართველოს მიერ SEPA-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელი ნაბიჯებისა და კონკრეტული დადებითი შედეგების განსასაზღვრად, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანების კრიტერიუმებისა და სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტებზე იმსჯელეს.
სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება.
SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, დარგის ექსპერტების, აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით 2021 წლის 26 მარტს შეიქმნა.