ბიზნესი
17/08/2020

საგარეჯოში 2021 წელს “ღვინის ქურდების“ ბრენდით მარნის მშენებლობა დაიწყება

საგარეჯოში 2021 წელს “ღვინის ქურდების“  ბრენდით მარნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ღვინის მწარმოებელი კომმპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუნებელმა გივი  აფაქიძემ განუცხადა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მიწის შერჩევის პროცესი. წლის ბოლომდე კომპანიას დაგეგმილი აქვს საწყის ეტაპზე დაახლოებით 1 ჰექტარი მიწის ფართობის შესყიდვა, სადაც სამომავლოდ  ვენახსაც გააშენებს და ტურისტებისთვის მარანსაც მოაწყობს.

„ეს იქნება ადგილი,სადაც ტურისტს საშუალება ექნება გაეცნოს ღვინის მომზადების ტრადიციას. დაწყებული ყურძნის მოყვანიდან, დასრულებული მის ღვინოდ ქცევამდე. “-აცხადებს „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელი.

კომპანია ამ ეტაპზე "ღვინის ქურდების" ბრენდის ქვეშ 4 დასახელების ღვინოს  აწარმოებს. ესენია:ცოლიკაური, რქაწითელი, რაჭლი თეთრა და  საფერავი.გივი აფაქიძის განცხადებით,ღვინის დაახლოებით 80%-ი საექსპორტოა. დანარჩენი კი აქტიურად იყიდება ღვინის სახლებსა და ბარებში. მათ შორის, „ჯივინოში“, 8000 მოსავალში და ასე შემდეგ.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, „ღვინის ქურდები“ უკვე გადის საფრანგეთში, ამერიკაში და ჩეხეთში. მაგალითად, საფრანგეთში კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის ფასი 30-35 ევროა.

კომპანია „ღვინის ქურდების“  თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ღვინის ნაწილს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან, ნაწილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ყურძნით აწარმოებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანიის წლიური წარმადობა 6000-6 500 ბოთლს შეადგენს.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე   კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა  და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში.