ბიზნესი
28/10/2021

საფოსტო და საკურიერო კომპანიებმა 2020 წელს ₾96 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

საფოსტო და საკურიერო კომპანიებს 2020 წელს შემოსავლები გაეზარდათ, წლიურად 6.6%-ით. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ამ კატეგორიის კომპანიებმა 95,9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 90 მმლნ ლარი იყო.

საქსტატის ცნობით, აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 75,1%-ია, 24,9% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 60,9% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 80,6% მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, 19,4% - ადგილობრივ გზავნილებზე.

კომპანიების შემოსავლების 25,6% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, 60,1% საერთაშორისო, 39,9% - ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2020 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5350.1 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 3389.4 ათასი ამანათი.

საფოსტო და საკურიერო კომპანიებში 2020 წელს საშუალოდ დასაქმებული იყო 4 300 ადამიანი, მათგან 1156 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

Businesspartner